სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, Bottega Veneta კომუნიკაციის ახალ საშუალებას მიმართავს. უფრო კონკრეტულად, იტალიური მოდის სახლი ონლაინ ჟურნალს უშვებს, სახელწოდებით Issued by Bottega.

სიახლე მოსალოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ თებერვლის თვეში ბოთეგა ვენეტას მფლობელი კომპანიის, Kering-ის, მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ფრანსუა პინომ განაცხადა, რომ ბრენდში ციფრული კომუნიკაციის განსხვავებული სტრატეგიის გამოყენებას გეგმავდნენ:

“რაც შეეხება ციფრული კომუნიკაციის სტრატეგიას, ეს არ ნიშნავს სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებას – ეს უბრალოდ მათი განსხვავებულად გამოყენებაა. ბოთეგამ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად დაეყრდნოს საკუთარ წარმდგენებს და გულშემატკივრებს.“

© Bottega Veneta

ბრენდის 35 წლის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა დენიელ ლიმ The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “სოციალური მედია კულტურის ჰომოგენიზაციას ავლენს” და ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ თავის საქმიანობას უდიდეს ძალისხმევას ახმარს, სოციალური მედია კი ყველაფერს ზედმეტად მარტივად წარმოაჩენს. ბრიტანელი დიზაინერი სოციალური ქსელების ნეგატიურ მხარეზეც მიანიშნებს, კერძოდ, იმ უარყოფით განწყობაზე, რომელიც იქ სუფევს და ამბობს, რომ რაღაც უფრო სასიამოვნოს გაკეთება სურდა. ჟურნალი “უფრო პროგრესულ და ღრმააზროვან” კონტენტს მოიცავს და მასში ბოთეგა ვენეტას როგორც ახალ, ისე ძველ კოლექციებსაც ვნახავთ.

მიუხედავად ლის ამ შეხედულებებისა, ბოთეგა ვენეტა კვლავ რჩება ბრენდად, რომელიც სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. კონტენტის შექმნაზე ბრენდი თავად აღარ ზრუნავს, თუმცა ამას სხვა უამრავი ადამიანი აკეთებს – დაწყებული ბრენდის მომხმარებლებიდან, რომელთაგანაც ბევრს მილიონობით გამომწერი ჰყავს, დამთავრებული ფანებით, რომლებიც ასე ხშირად აზიარებენ ბოთეგას ჰიტად ქცეული აქსესუარების ფოტოებს. მხოლოდ ახალი ბოთეგასადმი მიძღვნილ არაოფიციალურ პროფილს ინსტაგრამზე (newbottega) ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

რაც შეეხება ახალ ჟურნალს, ის აუდიო-ვიზუალურ მასალას გააერთიანებს, რომელიც ტექსტის გარეშე იქნება წარმოდგენილი. მასში ასევე სპეციალურად მიწვეულ სტუმრებსაც შევხვდებით. პირველ ნომერში მონაწილეობენ: Missy Elliott. Elaine, Dean Griffin, James Lacey, Sue Webster, Caleb Femi და ა.შ.

ციფრული გამოცემის სადებიუტო ნომერი უკვე ხელმისაწვდომია. იხილეთ Issue.