მოდაში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავავლებთ თვალს, მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის მხრივ პროგრესი უდავოდ შესამჩნევია. სხვადასხვა სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ დიდი ნაბიჯია წინ გადადგმული ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების ეთნიკური მრავალფეროვნების თვალსაზრისით, მაგრამ გასულ 5 წელში ამ თემამ ზედაპირული და ტრენდული ხასიათი მიიღო.

BOF (The Business of Fashion) გავლენიანი გამოცემაა, რომელზეც ონლაინ რეჟიმში ქვეყნდება მოდის ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, კვლევა, კრიტიკა. გამოცემა სწავლობს მოდის ბაზარს, უნივერსიტეტებს, ბრენდებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში და აქვეყნებენ რეიტინგებს, რომლებიც საერთო ფონს ქმნიან მოდის 2.4 ტრილიონიანი ბიზნესის შესახებ. 2013 წლიდან BOF  ყოველწლიურად ასახელებს ინდუსტრიის 500 ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს და მათ შორის აერთიანებს თითქმის ყველა პროფესიის წარმომადგენელს, რომელიც მოდაში მუშაობს: რედაქტორებს, ჟურნალისტებს, მომღერლებს, მსახიობებს, ორგანიზატორებს, მყიდველებს, ბიზნესმენებს, ბლოგერებს, ინფლუენსერებს, დიზაინერებს, ფოტოგრაფებს, მოდელებს, მარკეტოლოგებს და ა.შ.  

ყოველი წლის #BOF500 -ის აღსანიშნად ეწყობა გალა საღამო და გამოდის სპეციალური ნომერი. ყდაზე, როგორც წესი, ხვდებიან ადამიანები, რომლებიც მოდაში იმ წლის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საუკეთესოდ წარადგენენ. 2019 წელი მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას მიეძღვნა, ყდაზე: Pierpaolo Piccioli (ვალენტინოს შემოქმედებით ხელმძღვანელი) , სუდანელი ტოპ მოდელი Adut Akech, დიზაინერი Dapper Dan და რეპერი Chika მოხვდნენ. რა თქმა უნდა, გაიმართა გალა საღამოც.

პიერ მოსის დიზაინერი ქერბი ჟან-რეიმონდი მოდის ახალი ფავორიტია. მისი წინა კოლექცია ვოგმა 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის საუკეთესო კოლექციებს შორის დაასახელა. კოლექციის დატვირთვამ განაპირობა ბრენდის მიმართ ინტერესის ზრდა. მოდელების სრული შემადგენლობა შავკანიან მოდელებს მოიცავდა, რაც ბუნებრივია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენების აზრი აფრო-ამერიკელთა ცხოვრების არსებული ვითარების წარმოჩენა იყო. შოუს სენსიტიური ხასიათი დიზაინერ ქერბი ჟან-რეიმონდისგან, რომელიც იმ კულტურის წარმოჩენას ეცადა, რომლის ნაწილიც თავად არის, გახდა აღიარების მოპოვების მნიშვნელოვანი ფაქტორი.

მალევე დიზაინერი CFDA/Vogue Fashion Fund-ის 2018 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია, მათ შორის, რომლის მიღებაც დამწყებ დიზაინერებს შეუძლიათ. ამის ფონზე არავის გაკვირვებია, რომ ქერბი #BOF500 – ის წევრი გახდა, თუმცა დიზაინერმა რეიტინგში ყოფნაზე უარი განაცხადა და BOF-ის დამფუძნებელი ზერელე დამოკიდებულებაში და კულტურულ მისაკუთრებაში დაადანაშაულა.

პიერ მოსის დიზაინერი ქერბი – ჟან რეიმონდსი

ქერბი BOF – თან მიღებული გამოცდილების გაზიარება სამიტიდან დაიწყო, რომელზეც სპიკერად მიიწვიეს, როგორც მოდის ერთ-ერთი ახალი ფავორიტი ბრენდის შემოქმედებითი ლიდერი. დიზაინერის თქმით, ძალიან აღელვებული იყო რომ ასეთი გავლენიანი გამოცემა მისით დაინტერესდა და შანსი მიეცა თავისი ისტორიის შესახებ უფრო დიდი აუდიტორიისთვის მოეყოლა.

„მათ მითხრეს, რომ ჩემი ისტორიის მოსმენა სურდათ. როგორც პიროვნება, რომელიც დიდი ხანი აუთსაიდერი იყო, სიამაყით ავივსე, როდესაც ჩემი ისტორიის გასაზიარებლად დამპატიჟეს. აგრეთვე აღელვებული ვიყავი იმით, რომ სოლო დიალოგი მექნებოდა ბეთან ჰარდისონთან. მე შევწყვიტე ჯგუფურ დიალოგებში მონაწილეობა. ამის მიზეზი ისაა, რომ მოდაში ყველა შავკანიანს ერთიანად გვაგდებენ ჯგუფში და გვალაპარაკებენ მრავალფეროვნებაზე და ჩართულობაზე, მოდაში შავკანიანებზე, როცა ჩემი რეალობიდან გამომდინარე, ჩემი ოჯახი ძალიან ბევრი განსხვავებული მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. ამის მაგივრად მათ სურთ გვალაპარაკონ ჩვენს სიშავეზე.“

ქერბის განსხვავებულ თემებზე სურდა საუბარი, თუმცა BOF – ისთვის მთავარი სწორედ შავი კანი იყო. თეთრკანიანი დიზაინერებისგან განსხვავებით, რომლებსაც სცენა სოლო ინტერვიუებისთვის ეთმობათ, BOF შავკანიანებს გუნდურ დიალოგში სვამს, რადგან მათი სალაპარაკო თემა მხოლოდ მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და რასიზმია. დიზაინერი იხსენებს, რომ გამოცემასთან შეთანხმებული იყო სოლო პანელზე, თუმცა ბოლო წუთს მოახსენეს, რომ მაინც გუნდურ დიალოგში ჩასვეს სხვა შავკანიანებთან ერთად.

რამდენიმე თვის შემდეგ, ქერბის BOF -ის დამფუძნებელი, იმრან ამედი დაუკავშირდა.

„მითხრა, რომ პიერ მოსში ჩემს სამუშაოს თვალს ადევნებდა და მე შერჩეული ვიყავი #BOF500 -ის ახალი 3 ყდიდან ერთ-ერთისთვის. ჩემთვის დიდი მომენტი იყო, მე ყდაზე. შემდეგ დაიწყო სატელეფონო ზარების სერია მას და ჩემს შორის, შეხვედრები პარიზში. ამ საუბრებში ჩემგან ითხოვდა დამესახელებინა ადამიანები, რომლებიც მოხვდებოდნენ #BOF500-ის „მრავალფეროვან“ ნომერში. ყველა ვახსენე … ხომ ხვდებით, ყველა ჩვენგანი. მოვუყევი რა შემოთავაზებები მქონდა, ვესაუბრე ახალ პროექტებზე, რომლებზეც ვმუშაობდი პიერ მოსის გარდა, რებოკის კოლაბორაციებზე. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ნასიამოვნები ჩანდა ინფორმაციით, რომელიც ჩემგან მიიღო, მეც კარგად ვიყავი, თუმცა ცოტა უცნაურად. ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. შეხვედრიდან ძალიან მალე მომდის იმრანის მესიჯი: „გარეკნისთვის განსხვავებული კურსი უნდა ავიღოთ…“ ვიცოდი, ვგრძნობდი.“

როგორც ირკვევა, BOF – ს არც ყდისთვის სურდა ქერბის მრავალფეროვან პროექტებზე საუბარი, ან იმ ადამიანების ჩართვა, ვინც აუთსაიდერები არიან, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. მთავარი კვლავ კანის ფერი ზედაპირული მრავალფეროვნება იყო, რომელზეც ვალენტინოს თეთრკანიანი პიერპაოლო პიჩოლი და მომენტის სუდანელი გოგონა, ადუთ აკეჩი ისაუბრებდნენ.

საბოლოოდ, გარეკანი არა, მაგრამ ღირსეულად მიიღო მოდაში ყველაზე გავლენიანი 500 ადამიანიდან ერთ-ერთის ადგილი და გუშინწინ BOF – ის გალას საღამოს ესტუმრა, რომელიც მრავალფეროვნებას და ინკლუზიურობას ზეიმობდა.

„ჩამსვეს 500 კაციან სიაში და საღამოზე დამპატიჟეს. არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ერიკს ვესაუბრე და მითხრა, რომ უბრალოდ წავსულიყავი. შოურუმიდან კოსტუმი გამოვიტანე, ფეხსაცმელები ვიყიდე და წავედი. დაახლოებით საღამოს 10 საათზე მივედი და აურორა დამხვდა: „ნახე?“ არაფერი მინახავს, რადგან 1 საათი დავაგვიანე.“

კიბეებზე სტუმრებს თეთრებში გამოწყობილი ადამიანები დახვდნენ, რომლებიც ტრადიციულ აფრო-ამერიკულ სახარებას გალობდნენ. ეს გალობა სათავეს მე-19 საუკუნის მიწურულიდან იღებს,როდესაც ამერიკაში შავკანიანი მონები ქრისტიანობას აზიარეს. გალობას აფრო-ამერიკულ კულტურაში მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვა აქვს. #BOF500- ის გალაზე შავკანიანების სახარების მგალობლებს შორის თეთრკანიანებიც იდგნენ.

იმრან ამედმა სცენაზე 20 გამორჩეული ფიგურა მიიწვია, მათ შორის იყვნენ : ბალმანის ოლივერ რუსტანი, ვალენტინოს პიერპაოლო პიჩოლი, ისევ ის დიდი ბრენდები და სახელები, რომლებიც წლებია მოდის ინდუსტრიაში მუშაობენ.

BOF – ის დამფუძნებელი იმრან ამედი

მოგვიანებით, სცენაზე კვლავ აფრო-ამერიკული გალობა დაბრუნდა, თუმცა კირკ ფრანკლინის (აფრო-ამერიკული საგალობო გუნდის შავკანიანი ლიდერი) როლი იმრანმა მოირგო და სხვა თეთრკანიან ადამიანებთან ერთად ცეკვავდა. ქერბის თქმით, დამსწრე შავკანიანების უმრავლესობამ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, როდესაც იმ საღამოზეც კი, რომელიც მათ მიუძღვნეს, შავკანიანების კულტურა და ისტორია საკუთარ თავზე მოირგეს. დიზაინერი იხსენებს, რომ ბევრმა შავკანიანმა საღამო ამ სიტყვებით დატოვა „არასდროს არაფერი შეიცვლება.“

„პატივისცემა თანაგრძნობის და წარმომადგენლობის გარეშე მისაკუთრებაა. საკუთარი კულტურის, ფესვების და რელიგიის შესწავლის მაგივრად, ჩვენსას ტირაჟირებთ ჩვენს გარეშე, ამტკიცებთ, რომ ჩვენ ტრენდივით გვიყურებთ. “

Tags :