ამერიკელი მუსიკოსის ახალი ქანთრი ჟანრის ალბომი ჩარტების ლიდერია. ბიონსეს Cowboy Carter, რომელიც მომღერალმა 29 მარტს გამოუშვა, ამერიკული Billboard-ის ჩარტში, 407,000 გაყიდული ასლით, #1 ადგილზე დებიუტირდა.
Cowboy Carter არის ბიონსეს რიგით მერვე #1 ალბომი Billboard-ის ჩარტში. ბიონსე ერთადერთი ქალი არტისტია, რომლის პირველი 8 ალბომიდან ყველა ჩარტების სათავეში მოექცა. გარდა ამისა, ბიონსე პირველი აფრო-ამერიკელი ქალიცაა, ვინც ქანთრი ჟანრის სიმღერითა და ალბომით მოხვდა Billboard-ის სათავეში.
აღსანიშნავია ისიც, რომ Cowboy Carter პირველი კვირის გაყიდვებით, ბიონსეს ყველაზე წარმატებული ნამუშევარია 2016 წლის ალბომის, Lemonade-ს შემდეგ. პირველ კვირაში, Lemonade-ს გაყიდვებმა 2016 წელს, 653,000 ასლი შეადგინა.