მიმდინარე წელს, ინტერნეტში ბელა ჰადიდის მოულოდნელ გაუჩინარებასთან დაკავშირებით ლაპარაკი არ წყდება. თავდაპირველად, გავრცელდა ჭორები ბელასა და მისი მეგობარი ბიჭის, მარკ კალმენის დაშორების შესახებ. შემდეგ კი – იმასთან დაკავშირებით, რომ ბელა ინტენსიურ მედიკამენტურ მკურნალობას გადიოდა.
ოფიციალურად აქამდე არაფერი დადასტურებულა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მოდელმა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან დაადასტურა, რომ გრძელვადიან მკურნალობას გადიოდა, თუმცა ფანები დაარწმუნა, რომ ახლა კარგადაა და მალე დაბრუნდება.
“პატარა მე, რომელიც იტანჯებოდა, ძალიან იამაყებდა ჩემით, რადგან მე არ დავნებდი. მადლიერი ვარ, რომ გვერდით მყავს დედა, რომელიც ჩემს ჯანმრთელობაზე ზრუნავს, არასდროს მშორდება გვერდიდან და სჯერა ჩემი. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრება და მუშაობა ჩემთვის ძალიან რთული იყო. ვცდილობდი ადამიანებს ჩემ გარშემო ჩემით ეამაყათ, თუმცა ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თავს საშინლად ვგრძნობდი, მენტალურად და ფიზიკურად, თუმცა ამავე დროს ვგრძნობდი ყველაზე დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას. ერთი რამ, რაც მსურს ყველას ვუთხრა არის ეს: ახლა კარგად ვარ და სანერვიულო არაფერია. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. რომ მომიწიოს იმავე გზის თავიდან გავლა, გავივლი, რადგან მე ამ გზის მეშვეობით ვარ ახლა იქ სადაც ვარ, ისეთი როგორიც ვარ. ცხოვრება უცნაური, მტკივნეული და ამავდროულად ლამაზია, მაგრამ მათ, ვინც ახლა რთულ პერიოდს გადის, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გაივლის. დარჩით ძლიერები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და საკუთარი სიმართლის. ქრონიკული დაავადებით ცხოვრებამ და ტანჯვამ ჩაიარა და ღვთის წყალობით ახლა შემიძლია ვთქვა, რომ პირველად ცხოვრებაში შემიძლია ვიყო ბედნიერი. მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, ჩემს მენეჯერებს ჯილსა და ჯოზეფს, რომლებიც მიცავენ ყოველ დღე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, თუ რამდენად გაფასებთ. დავბრუნდები მაშინ, როდესაც მზად ვიქნები. ყველანი ძალიან მენატრებით. ყველანი ძალიან მიყვარხართ.”
ინსტაგრამ პოსტს რამდენიმე ფოტო ახლავს თან, რომლებზეც აღბეჭდილია ბელას მკურნალობის პერიოდი და სამედიცინო დოკუმენტაცია. პოსტის კომენტარებში მოდელს მხარდაჭერა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა გამოუცხადა, მათ შორის: კარენ ელსონმა, მარიაკარლა ბოსკონომ, ეშლი ბენსონმა, უინი ჰარლოუმ, ელსა ჰოსკმა და ა.შ.