“[CAA Fashion] უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის მოდელებისთვის, დიზაინერებისთვის, რეჟისორებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, სტილისტებისთვის და ციფრული კრეატორებისთვის, რომლებიც თანამედროვე კულტურას აყალიბებენ,” – ვკითხულობთ CAA Fashion-ის ვებგვერდზე შესვლისას. დღესდღეობით, სააგენტო ისეთ ცნობილ და გავლენიან ფიგურებს წარადგენს, როგორებიც არიან: მადონა, ენდრიუ გარფილდი, ენი ლეიბოვიცი, სინდი კროუფორდი, ოლივიე რუსტენი, მარგო რობი, ანია-ტეილორ ჯოი, ტომ ფორდი და ბევრი სხვა. ამიერიდან მათ რიგებს ინსტაგრამზე პოპულარული პროფილის, Style Not Com-ის, ქართველი დამფუძნებელი ბექა გვიშიანიც უერთდება.
აღნიშნული სიახლის შესახებ მან Style Not Com-ის 370,000-ზე მეტ მიმდევრს თავად აცნობა. რა თქმა უნდა, ჩვეული იუმორის დართვით.
© Melodie Jeng/Getty Images
ბექამ Style Not Com პანდემიის პერიოდში, 2021 წლის ივლისში შექმნა. დროის მოკლე პერიოდში, მისმა ამ წამოწყებამ, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოდის ინდუსტრიის შესახებ მოკლედ და გასაგები ენით, ასევე იუმორითა და საინტერესო ფაქტებით გაჯერებული პოსტებით ანებივრებდა, ამ სფეროს მრავალი მოყვარულის ყურადღების მიპრობა შეძლო. ყველა მნიშვნელოვანი სიახლის მომენტალურად გავრცელების, “ინსაიდერული” ამბების გაზიარების, პერსონალური მოსაზრებების სახალისო ფორმით დაფიქსირებით და რაც მთავარია, თითოეულ ლურჯ კვადრატში გამოხატული მოდის სიყვარულის დამსახურბით, ბექამ Style Not Com აქცია პლატფორმად, რომელმაც ამ სფეროთი დაინტერესებული თუ მასში დასაქმებული ადამიანები მსოფლიოს მრავალი წერტილიდან გააერთიანა. ორ წელიწადში, ბექა BOF 500-ის სიაშიც მოხვდა.
© Jacopo Raule/Getty Images
კრეატიული არტისტების სააგენტო (CAA) 1975 წელს დაარსდა. ის მრავალ სფეროში დასაქმებულ ათასობით ტალანტის კარიერის განვითარებას უზრუნველყოფს. 2023 წლის სექტემბერში კომპანიის უმსხვილესი წილის მფლობელი ფრანსუა ანრი-პინო გახდა. 7 მილიარდად შეფასებული შეთანხმება თავისი საინვესტიციო კომპანია Groupe Artémis-ის მეშვეობით შედგა.