მსოფლიოსთვის მესამე ათასწლეული ახალი გამოწვევებით დაიწყო: გლობალური დათბობა, დაბინძურება და სხვა ეკოლოგიური პრობლემები კრიტიკულ მაჩვენებელს უახლოვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დაუყოვნებლივი ზომების მიღების აუცილებლიბა ცხადი იყო, მსოფლიოს მაინც დასჭირდა კიდევ რამდენიმე წელი ყველაფრის გასააზრებლად.

დღესდღეობით ყველა ეკოლოგიურ პრობლემაზე უკვე ღიად საუბრობენ ცნობიერების ასამაღლებლად თუ იმისთვის, რომ ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდონ. უმოქმედობა დღითიდღე მცირდება, სოციალური ქსელები სავსეა სიახლეებით პოზიტიური ცვლილებების და ეკო-აქტივისტების შესახებ. საზოგადოება ნელ-ნელა მიდის დასკვნამდე, რომ დაბინძურების შემცირება გადარჩენის ერთადერთი გზაა.

თანამედროვე რეალობა ასე გამოიყურება და უდავოა ისიც, რომ ინფორმაციულ, ტექნოლოგიურ და ციფრულ სამყაროში გარდაუვალია ჩვეულებრივი ადამიანების დომინირება კომპანიებზე, თუ ადრე კომპანიები კარნახობდნენ ხალხს, თუ რა უნდა შეეძინათ, ახლა ხალხი კარნახობს კომპანიებს, თუ რა უნდა აწარმოონ. მაგრამ ამას ემატება კიდევ ერთი ფაქტორი – წარმოების ეთიკა.

საზოგადოების დომინირება კომპანიებს მხოლოდ ტრენდული პროდუქტის წარმოებას არ აიძულებს, საზოგადოება ითხოვს კომპანიებისგან უფრო მეტ გონიერებას და ეთიკის ნორმების დაცვას.

Christy Turlington for Maybelline NY.

სინამდვილეში, პრობლემა უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით გამოიყურება. სიახლე არავისთვის არაა, რომ მოდა გაზის და ნავთობის შემდეგ ყველაზე მეტად აბინძურებს გარემოს, მაგრამ მოდას არც სილამაზის ინდუსტრია ჩამოუვარდება. წელიწადში 120 მილიარდზე მეტი პლასტმასის კონტეინერი ეშვება გაყიდვაში. წარმოება კატასტროფულად აჭარბებს მოთხოვნას. ამას ემატება შეფუთვაც, გრანდიოზული პიარ ყუთები, მილიონობით პოლიეთილენის პარკი და ა.შ… შედეგად, საკითხი კვლავ მოუგვარებელია და ცხადია, რომ საუბარი კვლავ უნდა განვაგრძოთ და ავამაღლოთ ცნობიერება, მანამ, სანამ სასურველ შედეგისთვის რეალურ ნაბიჯებს არ გადავდგავთ. ახლანდელი შეფასებებით, 2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეში უფრო მეტი პლასტმასი იქნება ვიდრე თევზი. ამ ფონზე სილამაზის ინდუსტრია მაინც ძალიან ნელა მიიწევს წინ.

ჯერ კიდევ 70-იანებში The Body Shop გახდა პირველი „ბიუთი“ კომპანია, რომელიც ერთსა და იმავე პლასტმასის ბოთლებს რამდენჯერმე იყენებდა და აქტიურად გადაამუშავებდა პლასტიკს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მიზეზი ეკოლოგია არ ყოფილა, ანიტა როდიკი, კომპანიის დამფუძნებელი, ამ საკითხმა სერიოზულად დააფიქრა. სწორედ მაშინ გახდა ბოდი შოფი პირველი კოსმეეტიკური ბრენდი მსოფლიოში, რომელიც ხმამაღლა საუბრობდა პლასტმასის გონივრულ გამოყენებასა და დაბინძურებაზე. მაგრამ მაინც, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ სიტუაცია ბევრად უარესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

სილამაზე მსხვერპლს თანამედროვე სამყაროში არ უნდა მოითხოვდეს. ლაბორატორიები, გადამამუშავებელი ქარხნები, ეკო-კონტეინერები და ა.შ. უნდა გვარწმუნებდეს იმაში, რომ არის შანსი შევაჩეროთ გეომეტრიული პროგრესიით მზარდი სვლა კატასტროფისკენ. როგორც უკვე აღინიშნა, დღეს ჩვენ გვაქვს იმის პრივილეგია, რომ ვუკარნახოთ და მოვუწოდოთ კომპანიებს, თუ როგორ იმუშაონ და რა აწარმოონ მომხმარებლისთვის.