მოდის ჩვენებებზე ძირითად ყურადღებას, ბუნებრივია, კოლექცია იქცევს, თუმცა სხვა დეტალებიც არ რჩება შეუმჩნევეელი. თმის ვარცხნილობა და მაკიაჟი, რომლითაც მოდელები პოდიუმზე ჩნდებიან, ხშირ შემთხვევაში, სილამაზის უახლეს ტრენდებს განაპირობებს. დიზაინერები და სტილისტები განსხვავებული პრიორიტეტულობით ორიენტირდებიან ხოლმე აღნიშნულ მხარეებზე – მაგალითად, ზოგჯერ კოლექციის წარდგენისას მაკიაჟი იმდენად სადაა, რომ განსაკუთრებულად არც კი გვამახსოვრდება, ზოგჯერ კი, ჩვენების ხასიათის შემქმნელ ერთ-ერთ მთავარ შტრიხად იქცევა.

რამდენიმე დღის წინ, VERSACE-მ 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუ ციფრულ ფორმატში წარადგინა, ჩვენება ჯიჯი ჰადიდმა გახსნა და დახურა. ვიდეოს კრეატიულობის, კოლექციის და სამოდელო ქასთის გარდა, მოდასა და Beauty ინდუსტრიაზე ფოკუსირებული გამოცემების ყურადღება ჩვენების Makeup ესთეტიკამაც მიიქცია. პოდიუმზე, გარკვეული ტრენდები გამოკვეთა, რომლებიც 2021 წელს, შესაძლოა, ხშირად შეგვხვდეს ინსტაგრამზე, იუთუბსა და ქუჩის ყოველდღიურ სტილში.

ნეონის თვალის ჩრდლები

ნეონის თვალის ჩრდილები 2020 წელსაც საკმაოდ აქტუალური ტრენდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შარშან თითქმის სრულებით არ მოგვეცა საშუალება სადღესასწაულო მაკიაჟით გამოვჩენილიყავით საჯაროდ, ამ ტრენდის აქტუალობა ინსტაგრამსა და TikTok-ზე ნამდვილად შესამჩნევი იყო. მოდის სახლმა VERSACE-მ ჩვენებაში თვალის მაკიაჟი აქცენტირებულად გამოკვეთა და ამისათვის იდეალური საშუალება სწორედ ნეონის ფერები აღმოჩნდა.

ლაინერი

მიუხედავად იმისა, რომ პოდიუმისათვის შესრულებული მაკიაჟი მეტად არტისტულია, მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოველდღიურ მაკიაჟშიც გვხვდება. დამახასიათებელი ფორმით წასმულმა თვალის ჩრდილებმა ცნობილი ე.წ კატის თვალის ეფექტის და ფერადი ლაინერების ტრენდი ახალი ხედვით კიდევ ერთხელ გამოკვეთა.

კანის ბუნებრივი, მსუქბუქი შეფერილობა

მიუხედავად იმისა, რომ VERSACE-ს 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის შოუზე თვალის გამოკვეთილი მაკიაჟი ვიხილეთ, უნდა ითქვას, რომ სხვა მხრივ სახეზე ყველა დეტალი მსუბუქი და ბუნებრივი იყო.

სწორი თმა

ვერსაჩეს ამ ჩვენებაზე, წინა შოუსგან განსხვავებით, დახვეწილი და სწორი ვარცხნილობები ვიხილეთ. უნდა ითქვას ამ ვარცხნილობებმა კარგად გამოკვეთა მოდელების გარეგნობა და ის ხასიათი, რომელსაც სამოსით გამოხატავდნენ.