მოდის ინდუსტრიის სავაჭრო სეგმენტის საკულტო ბრენდი, “Barneys New York“ ბრუნდება. ცნობილი მაღაზია, რომლის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში იწყება, 2019 წელს ოფიციალურად გაკოტრდა. გაკოტრებული “Barneys“ ამერიკაში დაფუძნებულმა კომპანიამ, “Authentic Brands Group“ -მა 271.4 მილიონ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, 2019 წელს, მაღაზიის ახალმა მფლობელმა “Barneys“ -თან დაკავშირებულ ყველა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება, ნიუ-იორკში დაფუძნებულ ცნობილ სავაჭრო სივრცეს, “Saks Fifth Avenue“ – ს გადასცა. “Saks Fifth Avenue“- ს ისტორიაც თითქმის საუკუნეს ითვლის. დღეს მას ამერიკის და კანადის გარშემო 45-ზე მეტი სავაჭრო ლოკაცია აქვს, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი დიზაინერების სამოსი იყიდება.


“Barneys“ -ის ახალი სიცოცხლის შესახებ სიახლე “Saks Fifth Avenue“ -ს წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. მიუხედავად იმისა, რომ „ბარნსის“ დაბრუნება არ გულისხმობს მაღაზიის დამოუკიდებლად, ცალკემდგომ ბიზნესად არსებობას, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო, სიახლეს მოდის ინდუსტრიაში კარგად შეხვდნენ. “Barneys at Saks“ – სწორედ ასეთი სახელით წარადგინა “Saks Fifth Avenue“ -მ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, “Saks“ – ის ნიუ-იორკის მაღაზიაში, მეხუთე სართულზე, “Barneys“ განთავსდება. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად რადიკალური ცვლილებისა, მაღაზია შეინარჩუნებს ყველა იმ ღირსებას, რის გამოც ის წლების წინ, მოდის ინდუსტრიაში პოზიციონირდა, როგორც წამყვანი ძალა.
“Barneys New York“ -ის მნიშვნელობაზე საუბრისას, განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი თავდადება და მხარდაჭერა ახალგაზრდა ბრენდების, დიზაინერების მიმართ. მოდის ისტორიის ფურცლებზე არაერთი ისტორია ჩაეწერა, თუ როგორ შექმნა „ბარნსის“ ერთმა შეკვეთამ ახლა უკვე კარგად ცნობილი დიზაინერის კარიერა.
Rick Owens, Row, Proenza Schouler – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა დიდება სწორედ “Barneys“ -იდან დაიწყო. იქნება, თუ არა Barneys at Saks ისეთივე გავლენიანი და საინტერესო, როგორიც Barneys New York, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს.