კომპანია Mattel-მა, რომელიც Barbie-ს მწარმოებელია, საკულტო სათამაშო ფიგურების ახალი ხაზი გამოუშვა. ბარბის თოჯინების ახალი სერია, ამჯერად, Covid-19-ის პანდემიასთან მებრძოლ მეცნიერ ქალებს მიეძღვნა. Mattel-ის განცხადებით, ეს ადამიანები გმირები და თანამედროვე ეპოქის მისაბაძი მაგალითები არიან.
Barbie-ს ახალი თემატური სერია სულ ექვს სათამაშო ფიგურას აერთიანებს. მათ შორის არის ბრიტანელი მეცნიერი – პროფესორი სარა გილბერტი, რომლის სახელი ასტრაზენეკას ვაქცინის შექმნასთან არის დაკავშირებული. გილბერტმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბარბის მწარმოებლის ეს გადაწყვეტილება თავიდან მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და იმედოვნებს, რომ თავისი საქმიანობით, მართლაც შეძლებს ბავშვების შთაგონებას.
Mattel-ის მსგავსი გადაწყვეტები და პრეცედენტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავად Barbie-ს ფენომენის კონტექსტის გათვალისწინებით. ბარბის ისტორია 1959 წლიდან იწყება. ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც ეს სათამაშო აქტუალობას არ კარგავს, თუმცა, მწარმოებელი არაერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს. მიზეზი სილამაზის სტანდარტების არასწორი ინტერპრეტაცია და მასთან დაკავშირებული სტერეოტიპების გამტკიცებაა, რასაც თანამედროვე სამყარო მძაფრ პრობლემად აღიქვამს. საბოლოოდ, რასობრივი მრავალფეროვნების, სექსუალური იდენტობის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და გარეგნობასთან დაკავშირებული სტანდარტების შესახებ ცნობადობის გაზრდამ, Mattel-საც ახლებურად ფიქრისაკენ უბიძგა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასული წლების განმავლობაშიც არაერთხელ გამოუშვა მეხანძრეების, სპორტსმენებისა და საზოგადოებისათვის მაგალითის მიმცემი სხვადასხვა პერსონისადმი მიძღვნილი სერიები.