ბარბის ესთეტიკის პოპულარობამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია, რაც, უპირველესყოვლისა, გრეტა გერვიგის ახალი ფილმის, “ბარბის,” დამსახურებაა, რომლის პრემიერამდეც სულ რამდენიმე დღე რჩება. თუმცა ის აქამდეც, წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით გვევლინებოდა მოდური ჟურნალების პრიალა ფურცლებსა თუ პოდიუმზე. რამდენად წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ბარბის სახელი უკავშირდება მარტინ მარჯიელასაც, კონცეპტუალური მიდგომის დამსახურებით.

მის ჩვენებებზე ნაცვლად სუპერმოდელებისა, “რეალური ადამიანები” გამოდიოდნენ, რომლებიც, თავიანთი მიმზიდველობის მიუხედავად, არ განასახიერებნდენ სრულყოფილების იმ ხატებას, რომელსაც მოდის ინდუსტრია უწევდა პოპულარიზაციას. ისინი მისტიურები, ბუნებრივები, ნამდვილები იყვნენ. თუმცა ყველაზე ანონიმური ბელგიელი დიზაინერის პირველი მოდელები სილამაზის გაიდეალებული სტანდარტების ყველაზე მკაფიო გამოხატულება – ბარბები იყვნენ.

მარჯიელა შვიდი წლის იყო, როდესაც პარიზში გამართული Courrèges-ის ჩვენების კადრები იხილა და თავისი მომავალი პროფესიის მიმართ ინტერესიც პირველად მაშინ გაუჩნდა. ნანახით შთაგონებული დაუყოვნებლივ თავის ბარბებთან მივიდა და მათი ჩექმები თითებთან ისევე ამოჭრა, როგორც ტელევიზორში ნახა.

შემდგომში ბარბის, კენისა და ჯი.აი. ჯოს გარდერობები არაერთხელ გამხდარა მისთვის ინსპირაციის წყარო, რაც მის ბევრ კოლექციაში გამოვლინდა, მათ შორის 1994 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე. კოლექცია ტანსაცმლის ხუთ ჯგუფს მოიცავდა. ისინი არსებული სამოსის რეპლიკებს ეფუძნებოდა – როგორც საკუთარი, ისე ვინტაჟური ნამუშევრების. მესამე ჯგუფში თოჯინების სამოსი არაპროპორციულობის შენარჩუნებით ადამიანის ზომამდე იყო გადიდებული. ბარბის თოჯინის არარეალისტურმა პროპორციებმა მარჯიელას შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა და მან წარმოსახვითი სრულყოფილების უსულო განსხეულებასთან თამაშით იდეალური სხეულის იდეის დეკონსტრუირება შეძლო.

“A Doll’s Wardrobe” შემოდგომა/ზამთარი 1994

Reiner Holzemer-ის 2019 წლის ბოლოს გამოსულ დოკუმენტურ ფილმში – “მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით,” მისი პირველი დიზაინიც ვიხილეთ – ეს იყო Yves Saint Laurent-ის პიჯაკის რეპლიკა, რომელიც თავისი ბარბისთვის შექმნა. “ვფიქრობ, ის უკვე როგორც მარჯიელას მოდელი, ისე გამოიყურება,” – ვიგებთ მარჯიელას ხმას, როდესაც თავის ნამუშევარს წარმოგვიდგენს.

კადრი დოკუმენტური ფილმიდან – “მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით”

Tags :