მიმდინარე წლის მარტში, საფრანგეთში დააკავეს სამი პირი, რომელთაც ბრალი წარედგინათ Balmain -ის კოლექციის მოპარვის საქმეზე. ქურდობა 2023 წლის 16 სექტემბერს, პარიზში მოხდა. სამი უცხო პიროვნება სატვირთო მანქანას დაესხა თავს, რომლითაც Balmain-ის ახალი კოლექცია გადაჰქონდათ. თავმდასხმელებმა 645,000 ევროს ღირებულების ტანისამოსი და ძვირფასი აქსესუარები მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ ქურდობა Balmain -ის ახალი კოლექციის ჩვენებამდე 10 დღით ადრე მოხდა.

მომხდარის მიუხედავად, Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება დაგეგმილ დროსა და ადგილას გაიმართა, თუმცა ბრენდის წარმომადგენლების განმარტებით, ამის მისაღწევად, მოდის სახლის შემოქმედებით გუნდს სტრესულ გარემოში, „დღე და ღამ“ მუშაობა მოუწია.

სამი დაკავებულიდან, სასამართლომ ერთს მიუსაჯა 12 თვით თავისუფლების აღკვეთა, მეორეს – ელექტრონული სამაჯურის ტარება, მესამე კი, გაათავისუფლა. პროკურორი სამივე პირზე 4-5 წლამდე პატიმრობას ითხოვდა, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა.