ორი კვირის შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუიჯი ვილასენორომ Bally დატოვა, შვეიცარიულმა ბრენდმა ახალი კრეატიული დირექტორი წარადგინა. თანამდებობას სიმონე ბელოტი დაიკავებს – დიზაინერი, რომელიც 16 წლის განმავლობაში Gucci-ს მოდის სახლისთვის მუშაობდა. მისი რეზიუმე სხვა ისეთ სახელგანთმულ მოდის სახლებსაც მოიცავს, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Bottega Venetta და Gianfranco Ferre.

“ჩემთვის პატივია დავაანონსო, რომ სიმონე ბელოტი Bally-ს დიზაინ სტუდიას უხელმძღვანელებს. გასული ცხრა თვის განმავლობაში გუნდთან ერთად მუშაობის შემდეგ, სიმონე განაგრძობს ჩვენი სახასიათო კოდების დღევანდელობის კონტექსტში ინტერპრეტაციას და განახლებას,” – განაცხადა Bally-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა ჯიროტომ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრენდის ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ სიმონეს არსებული დამოკიდებულება და მოდის ინდუსტრიაში მუშაობის მისი ხანგრძლივი გამოცდილება Bally-ში საშუალებას მისცემთ განახორციელონ ხედვა, რაც მემკვიდრეობით გადმოცემული ოსტატობით შექმნილი მარადიული და ელეგანტური პროდუქტების შექმნას მოიაზრებს, რომლებიც დროს უძლებს.

თავად სიმონეს თქმით, მისთვის დიდი პატივია ამ პოზიციის დაკავება და Bally-ს უნიკალურ შვეიცარიულ მემკვიდრეობას “უსაზღვრო შთაგონებას” უწოდებს. მისი სადებიუტო კოლექციის ჩვენება სექტემბერში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება.

სიმონე ბელოტი © Bally

Bally ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ლუქს ბრენდია, რომელიც 1851 წელს დაარსდა. ის 60 ქვეყანაში 320-ზე მეტი მაღაზით არის წარმოდგენილი. გარდა ამისა, ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია დააახლოებით 500 მულტიბრენდულ სივრცეში. მისი სათავო ოფისი კასლანოში, შვეიცარიაში მდებარეობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1500 ადამიანს ასაქმებს. ამჟამად, Bally-ს შემოსავლების 60% მამაკაცის ხაზის გაყიდვებიდან მოდის.