ბალენსიაგამ ქანიე უესტის ბრენდ Yeezy-სთან თანამშრომლობით DMX-ის ხსოვნის პატივის მისაგებად მაისურები შექმნა. მათზე 9 აპრილს გარდაცვლილი რეპერის გამოსახულება, მისი დაბადების და გარდაცვალების თარიღები და წარწერები – “RIP” და “In Loving Memory” არის წარმოდგენილი. ისინი გაყიდვაში შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა.

აღსანიშნავია, რომ არტისტ Earl Simmons-ის (DMX-ის) ხსოვნის საპატივცემულოდ სამოსის შექმნის ინიციატივით Yeezy გამოვიდა და ამისთვის ფრანგულ მოდის სახლს მიმართა. ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიას და ქანიე უესტს უკვე დიდი ხნის ნაცნობობა და პროფესიული ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ სიახლე მათი თანამშრომლობის შესახებ გასაკვირი არ ყოფილა.

მაისურების შეძენა შესაძლებელი იყო www.dmx-tribute.com-ზე. ღირებულება $200-ს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, 24 საათში ისინი სრულად გაიყიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი $1 მილიონი შეადგინა. მთლიანი თანხა DMX-ის ოჯახს გადაეცემა.