რამდენიმე დღის წინ Balenciaga-ს და Rammstein-ის თანამშრომლობის შესახებ გახდა ცნობილი. სიახლემ იმის შესახებ, რომ გერმანული ჯგუფი ფრანგული მოდის სახლისთვის ფლეილისტს ქმნიდა მალევე მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. გარდა ფლეილისტისა, დაანონსდა საერთო კაფსულა კოლექციის გამოშვებაც, რაც გასაკვირი არ ყოფილა თუ გავითვალისწინებთ ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას, ღიად გამოხატულ სიმპატიას რამშტაინის მიმართ. ქართველ დიზაინერს მოდის ოსკარებად წოდებულ CFDA-ზეც კი დიზაინერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მისაღებად ამ ჯგუფის მაისური ეცვა.

Apple Music-ზე Balenciaga-ს არხზე Rammstein-ის ფლეილისტი უკვე გამოქვეყნდა და მასთან ერთად გამოვიდა Balenciaga x Rammstein კაფსულა კოლექციაც, რომელიც მოიცავს მაისურებს, ჰუდებს, კეპებს, ბამბეგებსა და ზურგჩანთებს. 

კოლექცია რამშტაინის აქტიურმა ფანებმა – ჰელენამ, მონამ და ტორსტენმა მოირგეს, რომლებსაც დემნა თავის გუნდთან ერთად ინსტაგრამის საშუალებით დაუკავშირდა. ფოტოები მათ თავიანთ სახლებში პატრიკ უელდიმ გადაუღო.

© Dazed
© Dazed