გლობალური პანდემიის დაწყების შემდეგ, პარიზი უკვე ქალის ტანისამოსის მეორე Ready-To-Wear მოდის კვირეულისთვის ემზადება, რომელიც 2021 წლის პირველ მარტს დაიწყება. გავრცელებულ განრიგში ათეულებით ბრენდის და დიზაინერის სახელს ამოიკითხავთ, თუმცა დიდი ცვლილებებიც სახეზეა. Kering-ის ცნობილი ბრენდების ნაწილი, მათ შორის სენ ლორანი, ბალენსიაგა და ალექსანდრ მაკქუინი კალენდარში არ ფიგურირებენ. უცნობია როგორი ფორმატით და როდის წარადგენენ ქერინგის მოდის სახლები კოლექციებს, თუმცა ნათელია, რომ ამ სეზონზე, ისინი მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგს გაემიჯნენ.
მიუხედავად შექმნილი რთული გარემოებისა, მოდის დედაქალაქი რამდენიმე საინტერესო მომენტს მაინც გვპირდება. 2021 წლის ზამთრის სეზონზე, პარიზში ვიხილავთ გაბრიელა ჰერსთის სადებიუტო კოლექციას Chloé – ს შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში. გარდა ამისა, მეთიუ უილიამსი Givenchy -ში თავისი პირველი შოუს მოწყობას გეგმავს.
იანვარში გამართული Haute Couture და მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულების მსგავსად, ქალის Ready-To-Wear კოლექციების ჩვენებებიც შერეულ ფორმატში გაიმართება. იქნება ციფრული პრეზენტაციები და ფიზიკური წარმოდგენები, რომლებსაც საზოგადოების შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.