მოდა ხშირად გვთავაზობს სინამდვილის ალტერნატივას, რომელიც ზოგჯერ შელამაზებული, სრულყოფილი სახით გვევლინება და თავისი მშვენიერებით გვაჯადოვებს. მაგრამ როცა არსებული მომენტი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა, როცა მშვიდობიან ქვეყანაში აგრესორის მხრიდან მთელი მსოფლიოსთვის შემაშფოთებელი მასშტაბების საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, პარალელურად ყველაფერი, რასაც პოდიუმზე ვხედავთ, უკვე სხვანაირად აღიქმება და შეუსაბამობის განცდა გვიჩნდება, რადგან კონტრასტი ძალიან მკაფიოა. ახლა ბევრისთვის მოდა აღარ წარმოადგენს ესკაპიზმს.

დღეს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ბალენსიაგას ჩვენება ჩატარდა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პრეზენტაცია მათ შორის, რაც კი ოდესმე გამართულა.

ფრანგულმა მოდის სახლმა, რომელსაც ქართველი კრეატიული დირექტორი ჰყავს, ღიად გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ადგილზე მისულ სტუმრებს სკამებზე მაისურები დახვდათ უკრაინის დროშის ფერებში და წერილი დემნასგან, რომელშიც ეწერა:

„უკრაინაში მიმდინარე ომმა წარსული ტრამვის ტკივილი გამიმწვავა, რომელსაც 1993 წლიდან ვატარებ, იმ დროიდან, როცა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში იგივე მოხდა და სამუდამოდ ლტოლვილი გავხდი. სამუდამოდ, რადგან ეს არის ის, რაც შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის უნდიხარ. მაგრამ ასევე მივხვდი, რომ ცხოვრებაში რასაც ნამდვილად აქვს აზრი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის თვითონ სიცოცხლე, ადამიანური სიყვარული და თანაგრძნობა.

სწორედ ამიტომ, ამ კვირაში ჩემთვის წარმოუდგენლად რთული იყო ამ ჩვენებაზე მუშაობა. რადგან ასეთ დროს მოდა რელევანტურობას და არსებობის უფლებას კარგავს. მოდის კვირეული აბსურდულობის განცდას აჩენს. რაღაც მომენტში ჩვენების გაუქმებაზე დავფიქრდი, რომელზეც მე და ჩემმა გუნდმა ბევრი ვიმუშავეთ და მოუთმენლად ველოდებოდით. თუმცა შემდეგ გავაანალიზე, რომ ამ შოუს გაუქმება დანებების ნიშანი იქნებოდა იმ ბოროტების წინაშე, რომელიც თითქმის 30 წელია ასეთ ტკივილს მაყენებს. გადავწყვიტე, რომ ეგოს ამ უაზრო, უგულო ომისთვის ჩემს ნაწილებს აღარ გავწირავ.“

შოუ დემნას უკრაინულ ენაზე მიმართვით გაიხსნა, კოლექციიდან ბოლო ორი კოსტიუმი ერთიანობაში ქმნიდა უკრაინული დროშის ფერებს, ჩვენება დაიხურა ისევ დემნას სიტყვებით: Живи, Україно!

მოდა რეალობასაც ასახავს და ამჯერად ბალენსიაგამ ეს ყველაზე უკეთ შეძლო. ჩვენება დრამატული, სევდისმომგვრელი და გულწრფელი იყო. ის, პირველ რიგში, დემნას პირად ტკივილს გამოხატავდა. მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებთან გამოხმაურებით ქართველი დიზაინერი თავის წარსულს დაუბრუნდა, როცა ომის დაუნდობელმა ბუნებამ მასზე წარუშლელი კვალი დატოვა. ყველაფერთან ერთად ემოციური მუსიკა, შოუს თოვლიანი და ქარიანი გარემო, მისტიური ატმოსფერო ამ სანახაობით გამოწვეულ განცდებს კიდევ უფრო ამძაფრებდა. 

„ამ ჩვენებას არავითარი ახსნა არ სჭირდება. ის უშიშრობას, შეუპოვრობას და სიყვარულისა და მშვიდობის გამარჯვებას ეძღვნება,“ – ვკითხულობთ დემნას წერილის ბოლოს.

Balenciaga ზამთარი 2022
ჩვენების ჩანაწერი