ბავშვების მონაწილეობით გადაღებული Balenciaga-ს სკანდალური კამპანიის ფოტოგრაფმა გაბრიელ გალიმბერტიმ WWD-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის Fox News-ის, Newsweek-ისა და The Daily Mail-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. “მათ ჩემზე საშინელი რამეები დაწერეს,” – აღნიშნავს ის. “სიახლე ისე გააშუქეს, არც კი გადაამოწმეს სიმართლე იყო თუ არა. მე თავად ვარ ჟურნალისტი და ეს გულის ამრევად მიმაჩნია. ისინი ჩემს ცხოვრებას მართლა ანგრევენ.”
სოციალურ ქსელებსა და მედიაში ფრანგული მოდის სახლის ორი სხვადასხვა სარეკლამო კამპანიიდან გავრცელებული კადრები შეცდომით მოხსენიებული იყო, როგორც ერთი გადაღების ნაწილი. გაბრიელთან დაკავშირებით კი გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ფოტო, რომელზეც უზენაესი სასამართლოს დოკუმენტები მოხვდა, მისი გადაღებულია. იტალიელმა ფოტოგრაფმა მხოლოდ ის კამპანია გადაიღო, რომელშიც ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა.
“ამ ორ კამპანიას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს,” – ამბობს ფოტოგრაფი. “უზენაესი სასამართლოს დოკუმენტები არ მოხვედრილა ბავშვების მონაწილეობით გადაღებულ კამპანიაში. ბალენსიაგა ოფისის კამპანიაში ჩართულ ფროდაქშენ კომპანიას [North Six-ს] და სეტ დიზაინერს [დე ჯარდინს] უჩივის – მე არა. იმ კამპანიასთან მე შეხება არ მქონია.”
გაბრიელის თქმით, კამპანიის გამოსვლის შემდეგ, ათასობით შეტყობინება მისდის, რომლებშიც “საშინელ” რამეებს სწერენ. ადამიანები მას “პედოფილს” და “გარყვნილ ავადმყოფს” უწოდებენ. “მე არაფერზე ვარ პასუხისმგებელი. იმედი მაქვს, Balenciaga-ს კამპანია ჩემს კარიერას არ გაანადგურებს. მომავალ კვირას შესასრულებელი რამდენიმე სამუშაო უკვე დავკარგე,” – განაცხადა მან.
ფოტოგრაფმა გასულ კვირას ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტშიც გაუსვა ხაზი იმას, რომ კამპანიისთვის პროდუქტებისა თუ მოდელების შერჩევაზე პასუხისმგებელი თავად არ ყოფილა.
ის ასევე გამოეხმაურა Balenciaga-ს გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ბავშვების მონაწილეობით გადაღებული კამპანიისთვის მიღებულ გადაწყვეტილებებზე მოდის სახლი პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე იღებს. გაბრიელის თქმით, მისთვის “უკვე ძალიან გვიანია.”
Balenciaga-ს განცხადება