მარტში, Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე ახალი დიზაინის ჩანთები იყო წარმოდგენილი. მათი ინსპირაცია უჩვეულო, თუმცა აშკარა იყო. ნაგვის პარკი აქამდე ფუფუნებასთან შესაძლოა არ ასოცირდებოდა, მაგრამ მისი შთაგონებით შექმნილი ტყავის ჩანთების ფასი, რომლებზეც დაკვირვებული თვალი ფრანგული ბრენდის ლოგოსაც შეამჩნევს, აზრს შეგაცვლევინებთ.

თუ წარსულისკენ გავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნაგვის პარკი სხვა დიზაინერების ინსპირაციაც გამხდარა. მაგალითად, ალბერ ელბაზისთვის 2014 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, როდესაც Lanvin-ისთვის ჩანთებს ქმნიდა. 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე ჯერემი სკოტის განსაკუთრებული ყურადღება Moschino-ს კოლექციისთვის სწორედ ნაგავმა მიიპყრო. Vaquera კი თავის მომხმარებელს ნაგვის პარკის იმიტაციით შექმნილ მაისურებს, კაბებსა თუ ქვედაბოლოებს სთავაზობს.


Balenciaga “Trash Pouches”
პირველად პოდიუმზე რამდენიმე თვის წინ ნანახი Balenciaga-ს ჩანთები გაყიდვაში გამოვიდა და მათი ღირებულება 1,790 დოლარია. “ყველაზე ძვირადღირებული trash bag-ის შექმნის შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდი, რადგან ვის არ უყვარს მოდური სკანდალი?” – ამბობდა დემნა ჩანთებთან დაკავშირებით WWD-სთან ინტერვიუში.
ფასის გამო Balenciaga-ს ამ ჩანთებმა ინტერნეტში ვნებათაღელვა კიდევ ერთხელ გამოიწვია. მოდის სახლი კვლავ განხილვის საგანია, რაც იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ “მოდური სკანდალი” საბოლოოდ ისევ გაყიდვებზე აისახება დადებითად.