ერთი კვირის წინ Balenciaga-მ საყოფაცხოვრებო ნივთების ხაზის გამოშვება დააანონსა და კოლექციის სარეკლამო კამპანია თავის ონლაინ პლატფორმებზე განათავსა. რამდენიმე დღის შემდეგ მოდის სახლმა ფოტოები წაშალა და ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
გაბრიელ გალიმბერტის გადაღებულ კადრებზე ბავშვები იყვნენ გამოსახულები. თავისი ერთ-ერთი პროექტის, „სათამაშოების ისტორიების,“ ფარგლებში, National Geographic-ის ფოტოგრაფი უკვე ათი წელია, რაც ბავშვებს თავიანთი საყვარელი სათამაშოებით გარშემორტყმულებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იღებს. Balenciaga-ს კამპანიაც ფოტოების ამ სერიას ეფუძნებოდა. თუმცა ხმაური არა კონცეფციამ, არამედ ფოტოებზე ბავშვებთან ერთად აღბეჭდილმა შეუსაბამო პროდუქტებმა გამოიწვია, კერძოდ, ჩანთებმა BDSM ელემენტებით.
ე.წ. ‘bondage gear’-ით შემოსილი სათამაშო დათუნიების ფორმის აქსესუარები პირველად 2023 წლის ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციაზე ვიხილეთ. სექსუალური ხასიათის ნივთების ბავშვებთან ერთად ჩვენებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კამპანია ისეთი ეპითეტებით დაახასიათეს, როგორებიცაა: „შემაძრწუნებელი,“ „გარყვნილი,“ „გულისამრევი.“
განცხადება გააკეთა გალიმბერტიმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სიძულვილის ენით დაწერილი ასობით შეტყობინება მიიღო. ფოტოგრაფი თავის ინსტაგრამ გვერდზე წერს, რომ მას არ შეუძლია Balenciaga-ს გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთოს, თუმცა მნიშვნელოვნად მიაჩნია იმის ხაზგასმა, რომ კამპანიისთვის პროდუქტებისა თუ მოდელების შერჩევაზე პასუხისმგებელი თავად არ ყოფილა.
„როგორც ფოტოგრაფს, მე მხოლოდ მოცემული სივრცის განათება და ფოტოების ჩემთვის დამახასიათებელ სტილში გადაღება მევალებოდა,“ – ვკითხულობთ მის პოსტში. „როგორც კომერციულ გადაღებებზე ხდება, ფოტოგრაფს არ ეხება კამპანიის მიმართულების განსაზღვრა და გადასაღები ნივთების შერჩევა.“
ბოლო რამდენიმე დღეა უამრავი ადამიანი Balenciaga-ს „ბავშვების სექსუალიზებაში“ და „პედოფილიის წახალისებაში“ ადანაშაულებს, რისთვისაც კიდევ ერთი მიზეზი არსებობს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელიც კრის მაჯომ Adidas-თან თანამშრომლობით შექმნილი კოლექციის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღო. როგორც აღმოჩნდა, მიმდინარე თვის დასაწყისში გამოქვეყნებული კამპანიის ამ ფოტოზე ყურადღების მიპყრობას მხოლოდ ჩანთა არ იმსახურებდა. კადრში მოხვდა მე-11 გვერდი დოკუმენტიდან, რომელიც 2008 წელს აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას შეეხება.
„ჩვენ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგებით და იმ მხარეების წინააღმდეგ, რომლებიც 2023 წლის კამპანიის გადაღებისთვის სივრცის მოწყობასა და დაუდასტურებელი ნივთების გამოყენებაზე არიან პასუხისმგებლები სამართლებრივ ზომებს მივმართავთ. ჩვენ ვგმობთ ბავშვებზე განხორციელებული ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბავშვების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას,“ – აღნიშნულია Balenciaga-ს განცხადებაში.
მოდის სახლის გარშემო არნახული სკანდალი აგორდა. Balenciaga-ს მისამართით დამსახურებული კრიტიკა გავრცელებული განცხადებების შემდეგაც არ წყდება.