ბალენსიაგა და ალექსანდრ მაკქუინი იმ მოდის სახლების მზარდ სიას შეუერთდნენ, რომლებმაც ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე უარი განაცხადეს. Kering-ის მფლობელობაში არსებული ეს ბრენდები ამიერიდან ვეგანურ, მდგრად ალტერნატივებს მიმართავენ.
გასული წლების განმავლობაში არაერთმა ბრენდმა მიიღო იგივე გადაწყვეტილება, მათ შორისაა: Versace, Burberry, Prada, Armani, Maison Margiela, Michael Kors, Chanel და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ დემნა გვასალია 2015 წელს ბალენსიაგას შემოქმედებით ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, უარს ამბობდა ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე და კოლექციებს ხელოვნური ბეწვის საშუალებით ქმნიდა, თუმცა კომპანიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად მხოლოდ ახლა გაჟღერდა.
Kering-ში უკვე დიდი ხანია მსგავსი პრაქტიკა ინერგება. Bottega Veneta-ს თითქმის 20 წელიწადია, რაც ბუნებრივი ბეწვი არ გამოუყენებია, Gucci-ში კი მისი მოხმარება 2017 წელს აიკრძალა. ამ ეტაპზე კომპანიიდან მხოლოდ ორი ბრენდი რჩება, რომლებსაც ბეწვის ხმარებიდან ამოღების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ: Saint Laurent და Brioni.