„ლორის აზარომ მნიშვნელოვანი და ძალიან შთამაგონებელი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. აღელვებული და პატივცემული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ჩემი ხედვა ამ ლეგენდარულ, საკულტო მოდის სახლში შემოვიტანო, რომელშიც თავისუფლება და სიამოვნება მთავარი ღირებულებებია,“- განაცხადა ოლივიე თეისკენსმა 2020 წლის თებერვალში, როცა Azzaro-ს შემოქმედებით ხელმძღვანელად დასახელდა.
ბელგიელი დიზაინერი აზაროსთვის შექმნილ თავის ახალ კოლექციაში მოდის სახლის მემკვიდრეობას წარმოგვიდგენს.
თეისკენსის, როგორც დიზაინერის კარიერა ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს იწყება, როცა თავისი დრამატული, გოთიკური ქმნილებებით მაღალი მოდის პოდიუმზე ფურორით შემოიჭრა. 1999 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე 21 წლის თვითნასწავლი დიზაინერის გამართული ჩვენება ამერიკული ვოგის დასახელებულ ოთხმოცდაათიანი წლების 25 საუკეთესო შოუს შორის არის მოხვედრილი. თავისი ბრენდის გარდა, როშასში, ნინა რიჩისა და თეორიში წარმატებული საქმნიანობის შემდეგ, აზაროში მისი ნამუშევრის ხილვა ბევრისთვის განსაკუთრებით დამაინტრიგებელი იყო.
Azzaro არსებობას 1967 წელს იწყებს, როცა ლორის აზარომ ბრენდი ნათელი, თვალშისაცემი, მოქნილი და ბზინავი კაბების კოლექციაზე დააფუძნა. 1968 წელს კი ტუნისში დაბადებულმა დიზაინერმა 65 rue du Faubourg Saint-Honoré-ზე ოტ კუტიურ მოდის სახლი გახსნა.
თეისკენსის აზაროსთვის შექმნილი 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის ოტ კუტიურ კოლექციის პრეზენტაცია კატალოგთან ერთად Txema Yeste-ს რეჟისორობით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით შედგა.
აზაროს ადრეული ნამუშევრებით შთაგონებული ქალისა და მამაკაცის სამოსი მარტივ ფორმებსა და ბზინვარებას აერთიანებს. დიზაინერის თქმით, ისინი სატარებლად მოსახერხებელია და ვინც მათ ჩაიცვამს, შეუძლია დაჯდომისას არ შეეშინდეს, რომ „კაბა გატყდება.“
„კუტიური ატელიეს შეთავაზებას წარმოაჩენს. ღირებული მათი გამოცდილებაა, რომელიც ყველაზე მარტივი ფორმებისთვისაც კი რაღაც უფრო მეტს იძლევა.“
ოლივიე თეისკენსი
კოლექცია თავისი სისადავით და დახვეწილობით გამოირჩევა. თეისკენსის მთავარი მიზანი იყო შეექმნა დიზაინი, რომელიც იდეალური იქნებოდა არა პოდიუმზე წარსადგენად, არამედ ნამუშევრები, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავდნენ აზაროს მოდის სახლის იდენტობას.
Azzaro გაზაფხული/ზაფხული 2021 ოტ კუტიური