
Dior-ში რაფ სიმონსის კრეატიულ დირექტორობას ახალი წიგნი მიეძღვნა, რომელიც Assouline-ს მიერ გამოიცა. ის მოდის სახლის მიერ გამოშვებული წიგნების სერიის ნაწილია, რომელიც Dior-ში თითოეული კრეატიული დირექტორის ყოფნის პერიოდს ასახავს. “Dior Raf Simons 2012-2015” ამ კრებულში მეექვსე ტომს წარმოადგენს.
წიგნის ყდაზე გამოსახულია Dior-ის Bar პიჯაკით შთაგონებული წითელი პალტოს ფოტო ბელგიელი დიზაინერის ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილი 2012 წლის შემოდგომა/ზამთრის სადებიუტო ოტ კუტიურ კოლექციიდან.
344 გვერდიანი წიგნი მოიცავს თიმ ბლენქსის დაწერილ ტექსტს და ლაზიზ ჰამანის, ასევე ვილი ვანდერპერეს, სარა მუნის, თიმ უოლკერის, პაოლო როვერსის და პიტერ ლინდბერგის გადაღებულ ფოტოებს. მისი შეძენა შესაძლებელია Assouline-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. წიგნის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.


© Willy Vanderperre / Assouline
რაფმა მოდაში კარიერა 1995 წელს პარიზში კაცის კოლექციების წარდგენით დაიწყო. ახალგაზრდული სულისკვეთების წარმოჩენითა და კაცის სამოსის კოდების ხელახალი განსაზღვრებით მან მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი მოდის დიზაინერთა რიგებში. მისი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც 2005 წელს Jil Sander-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა და ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დაიწყო მუშაობა. რაფი ბრენდში ამ პოზიციაზე 2012 წლამდე დარჩა. Dior-ში ის სწორედ ამ პერიოდში მივიდა და სამი წლის განმავლობაში დარჩა. ფრანგული მოდის სახლის დატოვების შემდეგ, Calvin Klein-ის კოლექციებზე გახდა პასუხისმგებელი. ამჟამად ის მიუჩია პრადასთან ერთად, Prada-ს შემოქმედებითი თანახელმძღვანელია. აღნიშნული თანამდებობა მან 2020 წელს დაიკავა. 2022 წლის ნოემბერში მან საკუთარი ბრენდის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.