მალე მაყურებელი კიდევ ერთ ბიოგრაფიულ ფილმს ნახავს – Jackie-ის და Spencer-ის შემქმნელი, რეჟისორი პაბლო ლარაინი ამჯერად კინოსურათს მარია კალასის შესახებ იღებს. საკულტო საოპერო მომღერლის როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს. Maria – ასე ჰქვია ბიოგრაფიული დრამას და ის კალასის ტრაგიკულ ცხოვრებასა და დიდებულ შემოქმედებით კარიერაზე ისტორიას ჰყვება. ფილმის გადაღებების შესახებ ინფორმაცია პირველად ერთი წლის წინ – 2022 წლის ოქტომბერში გავრცელდა. სიახლის ოფიციალურად დაანონსებისთანავე, ანჯელინა ჯოლიმ როლზე ისაუბრა. მსახიობმა აღნიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება კალასის პერსონაჟის განსახიერებას და ყველაფერს გააკეთებს, რათა მისი მხატვრული სახე სრულყოფილად შექმნას.

სიუჟეტი პარიზში 70-იან წლებში ვითარდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სცენაში გამოყენებული არაერთი ვინტაჟური კოსტიუმი თავის დროზე კალასს რეალურად ეცვა. ოქტომბრის დასაწყისში ფილმის შემქმნელებმა პირველი კადრები გამოაქვეყნეს, სადაც მაყურებელმა როლისათვის გარდასახული ჯოლი იხილა. ახლახან კი ინტერნეტში გადასაღები მოედნის ფოტოებიც გავრცელდა.

ფილმი კინოთეატრების ეკრანებზე 2024 წელს გამოვა, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.