1966 წელს ივ სენ ლორანმა პარიზში, Rue de Tournon-ზე გახსნა მაღაზია, სადაც არა წინაწარი შეკვეთით შექმნილი ოტ კუტიური, არამედ უკვე მზა – ready-to-wear ტანსაცმელი იყიდებოდა. რევოლუციური “Rive Gauche” ხაზი მასებს საშუალებას აძლევდა ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის ნამუშევრები სცმოდათ, მათ შორის იყო გაბარდინის “Saharienne,” იგივე Safari Jacket, რომელიც 1960-იანი წლების თავისუფალ სულისკვეთებას განასახიერებდა. ის სენ ლორანმა 1967 წელს გამოიგონა და თავის ჩვენებებზეც წარადგინა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო წელს “ვოგის” ფრანგული გამოცემისთვის შექმნილმა დიზაინმა მიიპყრო. 56 წლის შემდეგ, კლასიკად ქცეული ქმნილება Saint Laurent-ის ამჟამინდელი კრეატიული დირექტორის, ენტონი ვაკარელოს, კოლექციის ჩვენებაზე ახლებური სახით მოგვევლინა კომბინიზონებთან, კაბა-პერანგებთან თუ კაფტანის სტილის კაბებთან ერთად.
“თითქმის არაფრის გაკეთება მინდოდა,” – განაცხადა დიზაინერმა კულისებში ჟურნალისტებთან საუბრისას. “ძალიან ბევრ რთულ რამეს ვხედავ, უამრავ ნაქარგს, დეკორატიულ დეტალებს – მინდოდა ეს ყველაფერი მომეშორებინა, რაც აუცილებელია იმაზე მეტი არ გამეკეთებინა, სუფთა კანვასი შემექმნა და Saint Laurent-ში ისევ ახალი თავი დამეწყო.”
2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვაკარელოს სისადავე, უბრალოება სურდა, ამიტომ კოლექციაში არაფერი იყო ზედმეტი და მაინც, შედეგი ეფექტური, მაცდური, ელეგანტური და დახვეწილი გამოდგა. გარდა ფრანგული მოდის სახლის არქივებისა, როგორც დიზაინერმა აღნიშნა, შთაგონების წყაროდ ასევე ექცა პიონერი ქალები – ავტო მბრბოლელები და ავიატორები, მათ შორის – ამელია ერჰარტი. ტანსაცმლის ყოველი დიზაინი, რომელიც ეიფელის კოშკის ფონზე მოწყობილ მარმარილოს პლატფორმაზე მოდელებმა წარადგინეს, კოტონისგან იყო დამზადებული.
სივრცეში გაჟღერებული საუნდტრეკის ავტორი ფრანგი პროდიუსერი სებასტიენია, პოეტური ხმა კი, რომელიც მას ზევიდან ადევს, ივ სენ ლორანის მუზას, კატრინ დენევის, ეკუთვნის, რომელიც ახლა ვაკარელოს მხარდაჭერების რიგებს შორის თვალსაჩინო ადგილს იკავებს.
ჩვენების ჩანაწერი