როგორ შეიძლება საკუთარი კოლექციის ჩვენება კიდევ უფრო პერსონალური გახადო? პიტერ მიულეს მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საკუთარ სახლში უნდა გამართო. 

პიტერი პირველი ადამიანია, რომელსაც აზადინ ალაიას დაარსებული ბრენდის შემოქმედებითად გაძღოლა დაეკისრა მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტუნისელი დიზაინერი გარდაიცვალა. მოდის სახლისთვის შექმნილი მისი მეოთხე კოლექციის პრეზენტაცია ანტვერპენში მოეწყო. პიტერმა ის თავის სახლში წარადგინა, რომელიც 1972 წელს აგებული ბრუტალისტური შენობის, “რივერსაიდ თაუერის,” 21-ე საურთულზე მდებარეობს. აქ ბელგიელი დიზაინერი თავის პარტნიორ მეთიუ ბლაზისთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ამჟამად Bottega Veneta-ს კრეატიული დირექტორია.

აზადინი ცნობილი იყო არამარტო მოდის დიზაინში გამოვლენილი ნიჭის დამსახურებით, არამედ საკუთარ საცხოვრებელ სივრცეში სტუმრების გულმოდგინე მასპინძლობითაც. ის პარიზში, Rue de Moussy-ზე განთავსებული თავისი მაღაზიის ზევით ცხოვრობდა და სტუმრებს ხშირად ეპატიჟებოდა ადგილზე მოწყობილ სამზარეულოში, სადაც სასიამოვნოდ გატარებული დროის შესახებ ისტორიებს უკვე დიდი ხანია აღფრთოვანებით ყვებიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პიტერის მიერ დაახლოებით 100 სტუმრის თავის სახლში მასპინძლობა არის ჟესტი, რომელიც აზადინის ცხოვრების წეს-ჩვეულებებს ეყრდნობა.

მან ისიც გაამხილა, რომ თითოეულ კოლექციაზე მუშაობას ყოველთვის აქ, შენობის პირველ სართულზე განთავსებულ სტუდიაში Alaïa-ს გუნდთან ერთად იწყებს. “თავიდან ყოველთვის სამზარეულოში ვმუშაობ. და როცა სამზარეულოში ვარ, ყოველთვის საკათედრო ტაძარს გავყურებ, აი იქ.”

საფრანგეთის გარეთ ნაჩვენები ნამუშევრები უხვად მოიცავდა სკულპტურულ, მრგვალ ფორმებს და გრძელ სილუეტებს. “არ მინდოდა დიდი შოუს ჩატარება – ცივი, შორეული გლამური ყურადღების მიღმა დავტოვე,” – განაცხადა მან Vogue-ის სარა მაუერთან საუბრისას. “მსურდა, რომ რაღაც ძალიან ინტიმური და პატარა გამეკეთებინა, როგორც აზადინს მოსწონდა.”

Alaïa ზაფხული/შემოდგომა 2023

ჩვენების ჩანაწერი