2024 წლის 1 იანვრიდან Berluti-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ანტუან არნოს ჟან-მარკ მანსველტი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ LVMH-მა ოთხშაბათს დააანონსა.

ჯერ-ჯერობით უცნობია შეითავსებს თუ არა ანტუანი კონგლომერატში ახალ მოვალეობებს, თუმცა ის კვლავ რჩება Berluti-ს თავმჯდომარის პოზიციაზე. მას ასევე მორგებული აქვს Loro Piana-ს თავმჯდომარის როლი და პასუხისმგებელია LVMH-ს იმიჯსა და არსებულ გარემოზე.

ბერნარ და ანტუან არნოები © Getty Images

ანტუანი მოდის უმსხვილესი კონგლომერატის გენერალური დირექტორისა და თავმჯდომარის, ბერნარ არნოს, უფროსი ვაჟია. თავის ოთხ და-ძმასთან ერთად, LVMH-ში ისიც მამის პოტენციურ ჩამნაცვლებლად მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულაციები დაიწყო, ამ ეტაპზე დაზუსტებით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მომავალში კონგლომერატს სწორედ ანტუანი გაუძღვება.