თანამედროვე სამყაროში ბრენდები საკუთარ თავს არა მხოლოდ ხარისხიანი პროდუქციით, არამედ იდენტობის შექმნით იმკვიდრებენ – იდენტობის, რომელიც ღირებულებებით ცნობიერი მომხმარებლის ეთიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს. დროთა განმავლობაში, კომპანიების კომუნიკაცია აუდიტორიასთან მეტად კრეატიული და მრავალფეროვანი გახდა –  მასში ადაპტირდა ვიზუალური ხელოვნება, პოპ კულტურა და ზოგადად თანამედროვე ცხოვრების წესი.

სწორედ ასეთ მრავალმხრივ საინტერესო კომუნიკაციასთან გვაქვს საქმე ქართული ბრენდის – AMOSA-ს შემთხვევაში. ახლახან ბრენდმა მეტად საინტერესო კამპანია წარადგინა, რომელშიც აუდიტორია აუცილებლად დაინახავს არაერთ საინტერესო დეტალს. ჩვენი ყურადღება კამპანიის კინემატოგრაფიულმა ხასიათმა მიიპყრო – ესთეტიკასთან ერთად კი, ყველაზე საინტერესო კამპანიის წარმდგენი სახეა, რომლის შეხედვისთანავე ყველასათვის საყვარელი სერიალის, The Queen’s Gambit-ის მთავარი როლის შემსრულებელ –  ანია ტეილორ ჯოისთან მსგავსებას დავინახავთ. 

კამპანიის გავრცელების შემდეგ, დავინტერესდით მის მიღმა არსებული იდეით და კომუნიკაციის იმ სტრატეგიით, რომლითაც AMOSA მომხმარებელს  ესაუბრება. 

როგორც ბრენდის დამფუძნებელი, თამარ მარკოზაშვილი აღნიშნავს, AMOSA-სთვის თანამედროვე ქართული ღვინის იდეა პირველყოვლისა მუდმივი განვითარებაა და AMOSA-ს ხედვაც სწორედ ეს არის − სიახლეებისაკენ სწრაფვა. 

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებასთან ერთად სურთ, თავად ღვინის იდეა, მისი მნიშვნელობა და თანამედროვე ცხოვრების წესში მისი ადგილი მომხმარებლისათვის მეტად უფრო გასაგები გახდეს. თითოეული კამპანიაც სწორედ ამ იდეის სხვადასხვა პრიზმით გამოხატულებაა. 

ნებისმიერ გარემოებას ჩვენ გარშემო მაშინ აქვს აზრი, თუკი მის ცენტრში ვხედავთ ადამიანს, როგორც ინდივიდს. საბოლოოდ ყველა პროდუქტი სწორედ ადამიანებისათვის იქმნება – ადამიანებისათვის, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, თუმცა აერთიანებთ მთავარი ღირებულება  – სწრაფვა თავისუფლებისაკენ. AMOSA საკუთარ მომხმარებელს სწორედ ასე აღიქვამს – პერსონას, რომლისთვისაც არჩევანის თავისუფლება უპირველესი პრიორიტეტია.

AMOSA-ს უახლესი კამპანიის იდეაც უპირველესად ამ ღირებულებების ვიზუალიზაცია იყო. ეს კამპანია სინამდვილეში არა  რომელიმე ნაცნობ პერსონაზე გვიყვება, არამედ თანამედროვე ინდივიდზე, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი როლი მოირგოს, ნებისმიერი სიახლე მიიღოს და ყველა ამპლუაში თავი ლაღად იგრძნოს – იყოს რეალიზებული, აქტიური, თავისუფალი და ბოლომდე შეიგრძნოს ცხოვრება. ამ გადაწყვეტილებების გზაზე კი, AMOSA ბრენდს სწორედ მომხმარებლის ერთგულ თანამგზავრად აღიქვამს.

რაც შეეხება კამპანიაში მონაწილე გმირს, ის 22 წლის დეა კიპაროიძეა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ის არც ერთ რეკლამაში არ გვინახავს და ქართული სოციალური მედიისათვის ახალი სახეა.

იხილეთ ფოტოები AMOSA-ს კამპანიიდან:

ფოტოგრაფი: ნინო მეგენეიშვილი

მოდელი: დეა კიპაროიძე

კოსტიუმები: Vintylator

ვიზაჟი: ეკატერინე ჩანჩიბაძე (ჩანჩიკა)