2020 წლის მიწურულს, ინსტაგრამ გვერდმა, Sh*t Model Management-მა მოდელების ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ისინი ალექსანდრ ვენგს სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალსინფორმაცია მალევე მოედო ინტერნეტ სივრცეს და გავლენიან მედია საშუალებებს, რის გამოც ვენგის კარიერული წინსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიზაინერმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, რომელშიც უარყო ყველა ბრალდება. თუმცა მოგვიანებით, ბოდიშიც მოიხადა.

ალექსანდრ ვენგი

მოდაში #Metoo მოძრაობა ჰოლივუდზე არანაკლები სიჩქარით და ხმაურით განვითარდა. 2017 წლის შემდეგ, როდესაც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მოდელების ისტორიები გასაჯაროვდა, მოდის ინდუსტრია აღარ იყო ისეთი, როგორიც მანამდე.

მოდის გლობალურ თამაშს გამოეთიშნენ ისეთი გავლენიანი ადამიანები, როგორებიც არიან მარიო ტესტინო და ტერი რიჩარდსონი. მოდელების სკანდალურმა ბრალდებებმა ვენგის იმიჯსაც სერიოზული ზიანი მიაყენა, თუმცა ორი წლის შემდეგ, ცხადია, რომ ის ფრთხილად, მაგრამ მაინც თვალსაჩინოდ ცდილობს დაბრუნებას.

ალექსანდრ ვენგის ახალი კოლექციის ჩვენება 19 აპრილს, ლოს-ანჯელესის „ჩაინათაუნში“ გაიმართა. შოუს დაწყებამდე, დიზაინერმა მიწვეულ სტუმრებს ფესტივალზე უმასპინძლა.

Alexander Wang შემოდგომა/ზამთარი 2022

საშოპინგო და გასართობი სივრცე ტრადიციული ჩინური კულტურის ელემენტებით წითელ ფერებში იყო გაფორმებული. ბოლო ორ წელში, ვენგმა სამიზნე აუდიტორიად სწორედ ჩინელი მომხმარებელი შეარჩია. რაც არამარტო დიზაინერის ჩინური ფესვებით, არამედ მისი კარგად გააზრებული პიარ სტრატეგიითაც აიხსნება.

2020 წელს აგორებული სკანდალის და ბრალდებების მიუხედავად, ჩინეთში ალექსანდრ ვენგის გაყიდვები კლების მაგივრად გაიზარდა. დასავლური ღირებულებებისგან დისტანცირებული ჩინეთი დიზაინერისთვის დიდ იმედად იქცა. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც 2020 წლის შემდეგ, ვენგის პირველ გახმაურებულ კამპანიაშიც ამერიკაში მოღვაწე ჩინური ფესვების მქონე ვარსკვლავი, ლუსი ლიუ გამოჩნდა.

კრიტიკული და წინააღმდეგობრივი გამოხმაურების მიუხედავად, ვენგის ტანისამოსის ტარება განაგრძო ისეთმა გავლენიანმა ვარსკვლავმა როგორიც არის რიანა. ამის შემდეგ, მოდაში უკვე აქტიურად ალაპარაკდნენ, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში, ალექსანდრ ვენგის შესაძლო დაბრუნებაზე. გავრცელებულ ხმებზე ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს (CFDA-ის) განცხადება არ გაუვრცელებია. ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობია, ვიხილავთ თუ არა ვენგს 2023 წლის ზაფხულის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში, თუმცა ერთი რამ ფაქტია – გუშინ დიზაინერი პოდიუმს დაუბრუნდა.

Alexander Wang შემოდგომა/ზამთარი 2022

კოლექცია ვენგის ბოლოდროინდელი ხელწერის და დღეს აქტუალური ტრენდების ერთგვარი მიქსი იყო. ტყავი და ჯინსი დიზაინერის ესთეტიკაში ახლაც ბუნებრივად გამოიყურება. ცხადია შეუმჩნეველი ვერ დარჩება ქენდის სვანეფულზე წარმოდგენილი მინი-კაბა. რთულია, რომ ამ მოდელმა მიუ მიუს ტრენდული ლუქი არ გაგვახსენოს.

ხალხმრავალი შოუ ლოს-ანჯელესში და სუპერმოდელები პოდიუმზე ალექსანდრ ვენგის ბრენდის მომავლისთვის იმედისმომცემად ჟღერს, თუმცა ჩვენების დასრულებიდან 24 საათის შემდეგ, დიზაინერის ახალი კოლექცია კვლავ არ არის გამოქვეყნებული Vogue -ის პლატფორმებზე. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ვენგისთვის დაბრუნება მარტივი არ იქნება.