ჯანფილიპო ტესტა Alexsander McQueen-ის, ხოლო ემანუელ გინცბურგერი Versace-ს გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ჯანფილიპო ბრიტანულ მოდის სახლში სწორედ ემანუელს ანაცვლებს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია 2016 წლიდან ეკავა.

ტესტა მაკქუინის მფლობელი კომპანიის, Kering-ის, გუნდს 2016 წლიდან შეუერთდა. მანამდე ის კონკურენტი კონგლომერატის, LVMH-ის, შემადგენლობაში შემავალ ბრენდებში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა. ამ ბრენდებს შორის იყო: TAG Heuer, სადაც 2002 წლიდან მისი კარიერა იწყება და Fendi.

რაც შეეხება გინცბურგერს, სანამ Alexander McQueen-ის გენერალური დირექტორის როლზე ჯონათან აკეროიდს ჩაანაცვლებდა, 2009 წლიდან Yves Saint Laurent-ისთვის მუშაობდა. კარიერა მან ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს საფრანგეთში, Danone-ში დაიწყო. მისი რეზიუმე სხვა ისეთ მნიშვნელოვან ბრენდებსაც მოიცავს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Sephora, Lanvin. Versace-ს მფლობელი კომპანიის, Capri Holdings-ის, თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დი. აიდოლის, თქმით, კომპანიაში სჯერათ, რომ სამომავლოდ ემანუელის ხედვა იტალიური მოდის სახლის ამბიციების განხორციელებაში დაეხმარებათ.

ჯანფილიპო თავისი ახალი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის 22 მაისიდან შეუდგება, ემანუელ გინცბურგერი კი – 12 სექტემბრიდან.