საბატო დე სარნოს Gucci-სთვის შექმნილი სადებიუტო კოლექციის ჩვენებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, იტალიურ მოდის სახლში კი ცვლილებები გრძელდება
როგორც ცნობილი გახდა, ალესიო ვენეტი, რომელიც 2015 წლიდან 2019 წლამდე Gucci-ს კომუნიკაციებს უძღვებოდა, ბრენდში აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტისა და ბრენდის მთავარი ოფიცრის ამპლუაში ბრუნდება. ახალი მოვალეობების შესრულებას ის 4 სექტემბრიდან შეუდგება.
აღნიშნულ თანამდებობაზე ის სუზან ჩოკაჩის ჩაანაცვლებს, რომელიც კომპანიას 25 წლის წინ შეუერთდა. თავად ვენეტი გასული სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში Valentino-ში იკავებდა მრენდის მთავარი ოფიცრის პოსტს. ვენეტის რეზიუმე ასევე მოიცავს Prada-სა და Zegna-ში პრესისა და კომუნიკაციების მიმართულებით მაღალ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებასაც.
ალესიო ვენეტი © The Impression
როგორც Gucci-ს გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვენეტი მეთვალყურეობას გაუწევს “კომპანიის სტრატეგიულ ბრენდ და იმიჯ მიმართულებას, მარკეტინგს, კომუნიკაციებს, მეტავერსსა და მომხმარებელთა ჩართულობას.” ის პასუხისმგებელი იქნება, მოდის სახლის ახალი აღმასრულებელი დირექტორის, ჟან-ფრანსუა პალუს წინაშე. მისი თქმით, ვენეტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მასთან, დე სარნოსთან “და სხვა დანარჩენებთან Gucci-ში, რათა ამ მოდის სახლში ახალი თავი დაიწეროს და, ამავდროულად, ბრენდის მემკვიდრეობა, ღირებულებები და იმიჯი მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს.”
პალუს Gucci-ს აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ივლისში გავრცელდა. ის მარკო ბიზარის ჩაანაცვლებს, რომელიც Kering-ის მფლობელობაში არსებულ ბრენდს 23 სექტემბერს დატოვებს მას შემდეგ, რაც მილანში დე სარნოს კოლექციის ჩვენება გაიმართება.
“ჟან-ფრანსუა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩემი მარჯვენა ხელი და სპარინგ-პარტნიორი იყო. ახლა ის თავის ენერგიას ჩვენი უდიდესი აქტივის საუკეთესო ფორმაში მოყვანას მოახმარს,” – განაცხადა Kering-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანსუა-ანრი პინომ.
ჟან-ფრანსუა პალუ © Kering
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში Gucci-სთან დაკავშირებით გავრცელდა, ფრანჩესკა ბელეტინის შეეხება, რომელიც 2013 წლიდან Yves Saint Laurent-ის პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს. მას Kering-ში ახალი როლი ერგო და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციაზე დაწინაურდა.