დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ Gucci-დან წამოსვლიდან 14 თვის შემდეგ, ალესანდრო მიკელე Valentino-ს კრეატიული დირექტორი გახდა. დიზაინერმა ამ ფაქტს “წარმოუდგენელი პატივი” უწოდა და აღნიშნა, რომ “უდიდეს სიხარულს და უზარმაზარ პასუხისმგებლობას” გრძნობს.
ფოტო: Fabio Lovino
მოდის სახლი ვალენტინო გარავანიმ თავის პარტნიორ ჯანკარლო ჯამეტისთან ერთად 1960 წელს დააარსა. 48 წლის შემდეგ ვალენტინომ საკუთარ ბრენდში კრეატიული ასპარეზი სხვა დიზაინერებს დაუთმო. 2008 წლიდან ბრენდს შემოქმედებითად პიერპაოლო პიჩოლი და მარია გრაცია კიური ხელმძღვანელობდნენ, 2016 წლიდან კი კრეატიული დირექტორის როლს პიერპაოლო დამოუკიდებლად ასრულებდა. ექვსი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ტოვებდა აღნიშნულ პოზიციას და მოდის სახლს, სადაც 25 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ალესანდრო იტალიურ მოდის სახლში ახალი მოვალეობის შესრულებას 2 აპრილიდან შეუდგება, თავის სადებიუტო კოლექციას კი 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე წარადგენს. ჩვენება სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში იგეგმება.