
ბრიტანელ დრაგ პერფორმერსა და მეიქაფ არტისტს ალექსის სტოუნს მოდაში საკუთარი მომენტი აქვს. გასულ სეზონზე, იგი Diesel-ის ჩვენებას ჯენიფერ ქულიჯის როლში დაესწრო, რამაც ინტერნეტი ააფეთქა. მანამდე იყო ჩვენებები, რომელბზეც ალექსისი მისის დაუბთფაიერის როლში მივიდა, ისევე, როგორც კიმ კარდაშიანის, ქეით მოსისა და დოლი პარტონის კოსტიუმებში.
ამჯერად, სტოუნი პარიზის Les Halles უბანში ბაგეტით ხელში გამოჩნდა და გრანტ-ჯეიმს თომასის ობიექტივში ფრანგი დიზაინერის, ჟან პოლ გოტიეს როლი მოირგო. მას გოტიეს ტიპური კოსტიუმი – ზოლიანი ზედა, ტარტანიანი კილტი და მძიმე ჩექმები აცვია. ეს დიზაინერის 1994 წლის ფოტოსესიის ერთგვარი პატივისცემაა, რომელიც ჟან-მარი პერიემ ფრანგული Elle-სთვის გადაიღო, რომელშიც ჟან პოლს მსგავსი კოსტიუმი აცვია.

კიდევ ერთ გავრცელებულ ფოტოში, არა ერთი, არა ორი, არამედ ოთხი „ჟან პოლ გოტიეა“, რომლებიც სამაგიდო ტენისს თამაშობენ, ასევე დიზაინერის საკულტო კოსტიუმებში. სამ მათგანს ჟან პოლის შექმნილი ტიულის ტანზე მომდგარი „ანატომიური“ კაბა აცვია, მაშინ როდესაც მაგიდის მოპირდაპირედ მდგარ ჟან პოლს აცვია შავ-თეთრი კოსტიუმი მეზღვაურის ქუდით. აღნიშნული კოლექცია, მიუხედავად იმისა, რომ ის ახალია, გოტიეს 1984 წლის “Homme Object”-ისა და 1996 წლის “Cyberbaba” კოლექციების გამოძახილია, რომლებმაც მოდაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

ალექსის სტოუნმა კამპანიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჟან პოლი „ადამიანებს შთააგონებს, იყვნენ საკუთარი თავები,“ და რომ „ეს ზუსტად ის მესიჯია, რომელსაც მოდა უნდა ატარებდეს.“