Victoria’s Secret-მა გრძელი, რთული გზა გამოიარა. Მას შემდეგ, რაც 2019 წელს, ყოველწლიური შოუ გააუქმეს, ბრენდზე ბევრი რამ არ გვსმენია. აღნიშნული ფაქტი ბრენდის გაყიდვებზეც აისახა, რაც გარდაუვალი იყო. ამის მიუხედავად, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში დიდი გამოცემები ვიქტორია სეკრეტის განახლებულ შოუზე ალაპარაკდნენ, რომელსაც თითქმის 5 წლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის შემოდგომაზე უნდა ველოდოთ.

ბელა ჰადიდი Victoria’s Secret-ის კამპანიაში

რამდენიმე საათის წინ, WWD-მ სტატია გაავრცელა, რომელშიც შოუს შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

Როგორც აღმოჩნდა, ბრენდი სრულმეტრაჟიანი ფილმის გამოშვებას გეგმავს, რომლის სახელწოდებაც შოუს ნაცვლად The Victoria’s Secret World Tour იქნება. სიუჟეტი 5 ქალისგან შემდგარი 4 ჯგუფის, მსოფლიოს გარშემო, მოგზაურობაზე მოგვითხრობს. ისინი ხელოვანები იქნებიან და ფილმის პლატფორმას საკუთარი ისტორიების გადმოსაცემად გამოიყენებენ. 

ფილმის პრემიერა, როგორც აღინიშნა, შემოდგომაზე იგეგმება, რომელსაც მოდური ღონისძიება მოჰყვება. ბრენდის წარმომადგენლების მიხედვით, ორივე – ქალებისა და ქალურობის აღნიშნვას ეძღვნება, ამასთან, მათი თქმით, ვიხილავთ სუპერმოდელებსა და წამყვან მუსიკალურ არტისტებს. 

VSFS 2017

WWD-ს ცნობით, ფილმის მესიჯი “მესიჯის არქონაა”, ძველი VSFS-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი მესიჯიც იდეალური გოგონების მიერ წარმოდგენილი, ულტრა-სექსუალური საცვლების ჩვენება იყო. ახალი VSFS უბრალოდ მისცემს საკუთარ პლატფორმას ქალებს, რათა მათ თავად გადაწყვიტონ, თუ რა მესიჯის გადმოცემა სურთ. 

Მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით რთული წარმოსადგენია, თუ რა პროდუქტს ვიხილავთ საბოლოოდ, ფაქტია, რომ ბრენდი იმიჯის აღდგენასა და ფუნდამენტური ცვლილებების დანერგვას ცდილობს.