ვისაც საკულტო სერიალი Sex and The City ნანახი აქვს, ალბათ ყველას კარგად ახსოვს მთავარი გმირის, ქერი ბრედშოუს საცხოვრებელი ბინა, რომელიც შოუს დამოუკიდებელ გმირადაც იქცა. თუმცა, აქვე ბევრს უჩნდება კითხვა – როგორ შეძლო ჟურნალის სვეტის ავტორმა ზემო ისთ საიდზე საკუთარ ბინაში ეცხოვრა. ასე თუ ისე, ბრედშოუს სახლის ინტერიერი და გარემო ზუსტად გამოხატავს მისი მაცხოვრებლის ხასიათს.

როგორც აღმოჩნდა, HBO Max-მა გადაწყვიტა, Sex and The City-ის დაანონსებული სეზონის პრემიერის მოახლოებას მარკეტინგული სვლით გამოხმაურებოდა და სერიალის თაყვანისმცემლებს ამაღელვებელი შესაძლებლობა შესთავაზა – Airbnb-ზე ქერი ბრედშოუს ბინის ანალოგიური ვერსია ქირავდება.
აღსანიშნავია, რომ ბინის დაქირავება მსურველს ერთი ღამით სიმბოლურ ფასად – 23 დოლარად შეუძლია. ეს თანხა შემთხვევით არ დასახელებულა. სერიალის პრემიერა HBO-ზე სწორედ 23 წლის წინ შედგა.
შეგახსენებთ, რომ Sex and The City-ის ახალი სპეციალური სეზონის პრემიერა 2021 წლის დეკემბერში შედგება.