2020 წლის მარტში დემნა გვასალიამ ბალენსიაგასთვის თავისი ყველაზე ბნელი შოუ გამართა. დღევანდელი გადმოსახედიდან აპოკალიფსურ გარემოში მოწყობილი ეს ჩვენება თითქოს მომავლის ერთგვარი პროგნოზი იყო. „ზოგი ადამიანი ამის შემდეგ წინასწარმეტყველს მეძახდა,“ – ამბობს დემნა სარა მაუერთან საუბრისას. მაშინ მსგავსმა მძიმე განწყობამ ძალიან მალე მთელი მსოფლიო მოიცვა, როდესაც თავს პანდემია დაგვატყდა და უჩვეულო რეალობაში აღმოვჩნდით. „ბნელი დრო გამოვიარეთ, მაგრამ იმ სიბნელეს აღარ ვგრძნობ,“ – აღნიშნავს ის. „იმედი გაჩნდა. დადებით განწყობას უფრო განვიცდი, ვიდრე სასოწარკვეთას.“

ამჯერად გვასალია 2031 წლის ხედვას გვთავაზობს და ინტერაქციულ თამაშში გვრთავს, რომელშიც ბალენსიაგას ავატარებს ბრენდის ახალ კოლექციაში გამოწყობილებს ვხვდებით.

2020 მოდაში, პირველ რიგში, ფიზიკური ჩვენებების წელი არ არის. მოდის კვირეულები ვირტუალურად იმართება, შესაბამისად, მოდის სახლების ახალ კოლექციებს ყველანი ციფრულად ვეცნობით. წელს დიზაინერებს მიეცათ თავისუფლება, თავიანთი შემოქმედება საზოგადოებისთვის განსხვავებული ფორმით წარედგინათ. ალტერნატივებად ყველაზე ხშირად ონლაინ პლატფორმებზე განთავსებული აუდიტორიის გარეშე გამართული ჩვენებების ჩანაწერები და მოკლემეტრაჟიანი ფილმები გვხვდებოდა, მაგრამ ბალენსიაგას დღევანდელი შეთავაზება უპრეცედენტოა.

„მძულს მოდური ფილმის იდეა. ის ძალიან მოძველებულად მიმაჩნია. ამაზე მუშაობა აპრილში დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც ვიცოდით, რომ ჩვენებების ჩატარება გამორიცხული იქნებოდა.“

– დემნა გვასალია, Vogue, 2020

დემნასგან ციფრული ალტერნატივა აქამდეც ვიხილეთ, როდესაც ორი თვის წინ პრე-კოლექცია წარმოადგინა. მაშინ ბალენსიაგას ვებ-საიტზე და სოციალურ არხებზე 9 წუთიანი ვიდეოს პრემიერა შედგა, რომელშიც ლოიკ გომეზის შესრულებული საუნდტრეკის – „Sunglasses At Night,“ ფონზე ბალენსიაგას მოდელები პარიზის ქუჩებში დადიან. თუმცა საინტერესო არამარტო ასეთი სწორი ფორმატით შემოთავაზებული კოლექცია იყო, არამედ ის ფაქტიც, რომ პარიზის მოდის კვირეულის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ბრენდი Pre, დამატებითი, არაძირითადი კოლექციის პრეზენტაციას მართავდა. დღეს ჩვენ უკვე ბალენსიაგას ძირითადი, 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ვნახეთ. ეს იმიტომ, რომ ბალენსიაგამ მოდის ტრადიციული კალენდარის მიღმა დაიწყო მოქმედება და ბრენდში ძირითადი Ready-to-Wear კოლექციების წარსადგენად დეკემბერი და ივნისი შეირჩა, ხოლო პრე-კოლექციების საჩვენებლად – სექტემბერი და მარტი. გარდა ამისა, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ფრანგული მოდის სახლი ნაწილობრივ See now, buy now მოდელით იწყებს ფუნქციონირებას და ყოველი კოლექციის 50% – ის შეძენა მომენტალურად იქნება შესაძლებელი, 50% – ის კი – ჩვენებიდან 6 თვის შემდეგ.

„Afterworld: The Age of Tomorrow“ მოთამაშეებს ბალენსიაგას მაღაზიაში ახვედრებს. შემდეგ ისინი ქალაქის გადატვირთულ ქუჩას მიუყვებიან. გზა მათ ‘რეივერებით’ სავსე ბნელ ტყეში მიიყვანს, საბოლოოდ კი მთის წვერზე აღმოჩნდებიან, სადაც სულიერ განტვირთვას შეძლებენ. დემნას სჯერა, რომ „მომავალი სპირიტუალურია.“

„ახალგაზრდები უფრო სპირიტუალურები ხდებიან თავისებურად. მე ამ მოძრაობის ნაწილი ვარ. ჩემი ცხოვრებისეული ტრამვების დასაძლევად ‘life-coaching’ და თერაპიის გავლა დამჭირდა. მედიტაცია დავიწყე. დამშვიდება და რაღაცების დავიწყება უნდა ვისწავლოთ. ძველ სამყაროს უნდა დავემშვიდობოთ. წარსულს თავი დავაღწიოთ. ძალიან ბევრი ახალი რამ ახლა იბადება.“

– დემნა გვასალია, Vogue, 2020

კოლექცია მოიცავს მდგრად ელემენტებს – აღდგენილ მასალებს და ხელოვნურ ბეწვს – რაც უდავოდ მომავლის განუყოფელი ხედვაა. და მიუხედავად იმისა, რომ ბალენსიაგა ამ ტანსაცმელს 2021 წლის შემოდგომის სეზონისთვის გვთავაზობს, მისი ჩაცმა 2031 წელსაც შეგვიძლია. „ადამიანები იმ ტანსაცმლის ჩაცმას იქამდე განაგრძობენ, რომელიც უყვართ, სანამ არ განადგურდება,“ – ამბობს გვასალია. „მე თავად ვიქცევი ასე. ამიტომ რაღაცები საკმაოდ გაფუჭებულად, გაცვეთილად, ნახმარად გამოიყურება.“

Forbes – ის ცნობით, პროექტისთვის ბალენსიაგამ Polestar – თანაც ითანამშრომლა, რომლის კონცეპტუალურ მანქანას, Precept – ს, ვიდეო თამაშში ვხვდებით. ჩავთვალოთ ეს მომავლის კიდევ ერთ პროგნოზად. როგორც წყარო აღნიშნავს, „ინოვაციური ელექტრო ავტომობილები ერგება ბალენსიაგას ფუფუნებასა და მდგრადობაზე არსებულ იდეებს, ამიტომ ამ პროექტისთვის შესანიშნავი დანამატია.“

კოლექციაში წარმოდგენილია ვიდეო თამაშშთან დაკავშირებული პრინტები, სათვალეები, რომლებიც უცხოპლანეტელის იმიჯით არის შთაგონებული, ნასას ქურთუკები, „Hourglass” და საკულტო „Motorcycle” ჩანთების განახლებული ვერსები, ‘ოვერსაიზ’ ქურთუკები, დახეული ჯინსები, ჰუდი წარწერით „თავისუფლება.“ ყველაზე თვალშისაცემი კი ჩექმებია, რომლებიც ასევე ბალენსიაგაში ნიკოლა ჟესქიერის ერთ-ერთ ჰიტს, რობოტულ შარვლებს გვახსენებს 2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან.

Eliza Douglas – ის ლუქი ვიდეო თამაშსა და კატალოგში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. „ის ხმალს ქვიდან აძრობს, როგორც მეფე არტურის მითშია. მაგრამ თანამედროვეობის პაციფისტი მეომარია,“ – ვკითხულობთ დემნას მიერ ელიზას პერსონაჟის დახასიათებას ამერიკული ვოგის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. „აბჯარი“ გვასალიამ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში დაამზადებინა კაცს, რომელიც შუასაუკუნეების ჯავშნებს აკეთებს. „ამან გამახსენა, როგორ ამზადებენ დღეს რობოტებს. რამდენიმე მათგანი ნაზი ტყავის გამოყენებითაც შევქმენით. ისინი ძვირი ეღირება და რაოდენობა შეზღუდული იქნება.“

ირონიულია, მაგრამ მომავალში დემნა შუასაუკუნეების აღჭურვილობით გვახვედრებს. პარადოქსულად, ისინი თითქოს ჩვენს დროსაც კი უსწრებს.