ადრიანა ლიმა 1981 წლის 12 ივნისს დაიბადა სალვადორში, ბრაზილიაში. თინეიჯერობაში მეგობართან ერთად სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფოტოები გაგზავნა, მალევე დაუკავშირდნენ და 15 წლის ასაკში – Ford-ის ‘Supermodel of Brazil’ კონკურსის გამარჯვებული გახდა. იმავე წელს ბრაზილია Ford Models -ის საერთაშორისო კონკურსზე წარადგინა და მეორე ადგილი დაიკავა. 3 წლის შემდეგ, 1999 წელს, ლიმა ნიუ იორკში მიიწვიეს, სადაც სამოდელო სააგენტო, ელიტ მოდელ ლუქის კონტრაქტი მიიღო. მას შემდეგ, ადრიანას არაერთ დიდ ბრენდთან უმუშავია, მოხვედრილია ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა: Vogue, Harper’s Bazaar, ELLE,  Interview, GQ, W, Esquire, V.

მიუხედავად იმისა, რომ ლიმას საკმაოდ ბევრ დიდი ბრენდთან უთანამშრომლია, მისი ყველაზე წარმატებული კამპანიები ყოველთვის კომერციული მოდისთვის იყო, მეიბელინიც სწორედ ერთ-ერთი მაგალითია. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი ამერიკული თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი ვიქტორია სეკრეტია.

ბრაზილიელმა Victoria’s Secret-ის შოუზე პირველად 1999 წლეს 18 წლის ასაკში გაიარა, 2000 წელს ანგელოზის კონტრაქტი გააფორმა და მას შემდეგ ყველა შოუში მიიღო მონაწილეობა 2009 წლის გარდა, რომელსაც ორსულობის გამო ვერ დაესწრო. ლიმა სწორედ იმ გოგონებში შედის, რომლებმაც Victoria’s Secret შექმნეს ყველასთვის სასურველ და საოცნებო ბრენდად.

ერთ-ერთი ძალიან დიდი გავლენა, რაც ადრიანას ჰქონდა საზოგადოებაზე და რაც ხშირად არ აღინიშნება, არის სპორტის რეკლამირება. ვიცოდით, რომ ადრიანა ბოქსში ვარჯიშობდა და სწორედ ამიტომ აირჩია ბრენდმა VS Sport-ის მთავარ სახედ, ამას დაემატა ინსტაგრამის გავლენაც და მოგვიანებით, ყველა მოდელმა აიტაცა სპორტარბაზიდან ფოტოების დადება. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაინახეს, რომ მოდელები იდეალაური ფორმებისთვის ვარჯიშობენ და გაუჩნდათ ჯანსაღი ცხოვრების სტილის მოტივაცია.

ადრიანამ ლეგენდარული ანგელოზებიდან ყველაზე გვიან დატოვა ბრენდი – 19 წლიანი კარიერა Victoria’s Secret-ში, 18 წლიანი საოცნებო ‘ანგელოზის’ სტატუსით. 5-ჯერ გახსნილი და 3-ჯერ დახურული შოუ. დახურა 2018 წლის შოუ, რომლითაც საბოლოოდ დატოვა ბრენდი. 3-ჯერ ეცვა ბრილიანტის ბიუსჰალტერი. უდავოა, რომ ადრიანა VS-ის ყველა დროის ყველაზე წარმატებული ანგელოზია. სწორედ ამიტომაც გააცილეს ისე, როგორც იმსახურებდა. ლიმას წასვლა ნამდვილად იყო ერის დასასრული, VS-ის ‘ოქროს ერა’ რომელიც რეალურად 2008 წელს დასრულდა, 2018 წელს ადრიანას წასვლით საბოლოოდ დაიხურა.