ბელა ჰადიდი Adidas-ის თავისი მონაწილეობით გამოსულ SL72-ის კამპანიასთან დაკავშირებით, რომელსაც კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, პირველ ვრცელ კომენტარს აკეთებს. განცხადება სუპერმოდელმა ინსტაგრამის საშუალებით გაავრცელა. მისი თქმით, არ იცოდა, რომ ნამუშევარი, რომელსაც რეკლამას უწევდა, “რაიმე სახის საშინელ ტრაგედიასთან” იყო კავშირში.
“კამპანიის გამოქვეყნებამდე, 1972 წლის შემაძრწუნებელ მოვლენებთან კავშირის შესახებ არ ვიცოდი. შოკირებული, გულნატკენი და იმედგაცრუებული ვარ ამ კამპანიის შექმნისას გამოვლენილი გულგრილობის გამო,” – ვკითხულობთ განცხადებაში. “გულწრფელად ვამბობ, ეს რომ მცოდნოდა, მასში მონაწილეობას არ მივიღებდი. ჩემს გუნდს უნდა სცოდნოდა, ადიდასს უნდა სცოდნოდა, მე კი მეტი ინფორმაცია უნდა მომეძიებინა და მეც მცოდნოდა, გამეგო და ხმა ამემაღლებინა.”
თავის განცხადებაში ბელა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, ყურადღენას თავის პალესტინურ ფესვებზე ამახვილებს და ამბობს, რომ ყოველთვის იდგება თავისი ხალხის – პალესტინელების გვერდით და გააგრძელებს ისეთი მსოფლიოს ქომაგობას, რომელიც ანტისემიტიზმისგან თავისუფალია.
კამპანია, რომლის სახედაც ბელა ჰადიდი შეირჩა, Adidas Originals-ის SL 72-ის მოდელს ეძღვნებოდა. მისი რეტრო ვერსია თავდაპირველად 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. ოლიმპიური თამაშების მეორე კვირას, პალესტინურმა დაჯგუფებამ 11 ებრაელი ათლეტი და მათი მწვრთნელები გაიტაცა. Adidas-ის კრიტიკა სწორედ ამ ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოდელის წარმდგენ სახედ ბელა ჰადიდის არჩევამ განაპირობა. მიზეზი ბელას პალესტინური წარმომავლობა და პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი აქტივისტის სტატუსია.