სპორტული ბრენდების დამახასიათებელი ნიშა ის სამოტივაციო ფრაზებია, რომლებიც მათი სარეკლამო კამპანიებისა, თუ ახალი კოლექციების მთავარ გზავნილად გვევლინება. ყველა ამ ბრენდს თავისი სათქმელი აქვს, რასაც მრავალფეროვანი და კრეატიული ფორმით გადასცემენ აუდიტორიას. Impossible Is Nothing / შეუძლებელი არაფერია – სწორედ ასე ჟღერს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი ისტორიის მატარებელი ბრენდის, Adidas-ის ლოზუნგიც. ამჯერად, ბრენდმა ეს მესიჯი ყველაზე ბუნებრივი და ამავდროულად, ორიგინალური გზით გააცოცხლა და სარეკლამო კამპანია მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების სერიის ფორმატში გადაიღო. სერიულ კამპანიაში, Beyoncé და სხვადასხვა სფეროს ცნობილი ადამინები მონაწილეობენ. მათ სტერეოტიპების ნგრევა, საკუთარი თავის რწმენა და თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული მნიშვნელობის აღიარება აერთიანებთ.

დოკუმენტური სერიის პირველი ნამუშევარი, რომლის გმირიც სწორედ ბიონსეა, მუსიკოსის ბავშვობის აქამდე უცნობი კადრებით იხსნება. კადრებთან ერთად, ნარატორის თანხლებით იცვლება ეპოქები, საბოლოოდ, ვიზუალურ ნამუშევარს რეალურ დრომდე მოვყავართ.

ხანგრძლივი კამპანიის ფარგლებში, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე, Adidas მსგავსი ფორმატის ვიდეოებს გამოაქვეყნებს. თითოეულ ვიდეორგოლს თავისი ცნობილი გმირი ჰყავს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს იქნება სხვადასხვა სფეროს გავლენიანი ადამიანი თავისი ინსპირაციული ისტორიით.