დიზაინერები აქტიურად ცდილობენ თავიანთ შემოქმედებაში გენდერული ბარიერების გადალახვას, რისი მაგალითებიც მიმდინარე სეზონზეც ვიხილეთ. ჯონათან ანდერსონმა თავის კოლექციაში კვლავ წარმოადგინა რუშებიანი შორტების დიზაინი, რომელიც გასული დეკადის დასაწყისში გენდერული ნორმებიდან გადახვევის მკაფიო ნიმუშად რჩება; ენტონი ვაკარელოს Saint Laurent-ისთვის შექმნილი ნამუშევრები ქალის ჩვენებაზე შემოთავაზებულ პროპორციებსა და ფემინურ ელემენტებს უხვად მოიცავდა; სტეფანო გაბანამ და დომენიკო დოლჩემ კი თავიანთ შოუზე კორსეტები მამაკაცებს მოარგეს.
Acne Studios-სთვის სიახლეს არ წარმოადგენს გენდერულ კოდებთან თამაში. შვედური ბრენდის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის მამაკაცის კოლექციის თემა გამოქვაბულის ადამიანია, რასაც კატალოგის სახით გამოქვეყნებული ფოტოები ცხადყოფს. ეს ტოქსიკური მამაკაცურობის მიმართ ირონიულ დამოკიდებულებას გამოხატავს. “მასკულინურ ესთეტიკასთან მიმართებაში თავს კომფორტულად ვგრძნობ, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვი თავად მასკულინურობაზე,” – ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ჯონი იოჰანსონი.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მას თავად უწევს “მამაკაცური ტვირთის ზიდვა,” სწორედ ამიტომ მოისურვა ამ საკითხს ჩაღრმავებოდა და შემოქმედებაში გამოევლინა. შედეგი განსხვავებული და თავისუფალი სახეა იმისა, რაც ტრადიციული და შეზღუდულია.
Acne Studios შემოდგომა/ზამთარი 2023