Tiffany & Co. ყოველთვის ასოცირდებოდა მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ვარსკვლავებთან, მდიდრულ ღონისძიებებთან და მაღალ ხარისხთან, თუმცა მას შემდეგ, რაც სამკაულების ეს სახელგანთქმული ბრენდი ფრანგულმა კონგლომერატმა, LVMH-მა შეიძინა, მარკეტინგული კამპანიების მასშტაბების ზრდა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა.

აგვისტოს დასაწყისში, ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co. – ს გლობალურ ელჩებად დასახელდნენ. სიახლე ექსკლუზიურად „ჰარპერს ბაზარის“ სექტემბრის ნომრიდან გავრცელდა, რომელსაც ბიონსე ამშვენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე და ჯეი ზი ცნობილ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობენ, ბრენდის სარეკლამო კამპანიებში მათი ერთად ხილვა საკმაოდ იშვიათია. ეს მაღალ ბიუჯეტთან და ბევრ მოლაპარაკებასთან არის დაკავშირებული, თუმცა შეუძლებელი არაფერია მაშინ, როდესაც საქმეში მოდის უდიდესი კონგლომერატი და მსოფლიოს მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო ერთვებიან.

ახალი კამპანიიდან პირველი კადრები რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ცნობილი გახდა შემოქმედებითი გუნდიც, რომელმაც ახალ რეკლამაზე იმუშავა.

‘About Love’ – ამ სახელწოდებით სარეკლამო ფილმის პრემიერა 2 სექტემბერს შედგება.

ფილმის რეჟისორი გახლავთ Emmanuel Adjei, ფოტოგრაფი – Mason Poole , სტილისტები – June Ambrose და Marni Senofonte.

აღსანიშნავია, რომ რეკლამაში ბიონსეს “ტიფანის” 128.54 კარატის ყვითელი ბრილიანტი ამშვენებს, რომელიც წარსულში, მხოლოდ 3 ქალს ეკეთა, მათ შორის ბრენდის ლეგენდარულ სახეს, ოდრი ჰეპბერნს.