ასტროლოგები უიშვიათესი მოვლენის შესახებ გვიყვებიან, სატურნი და იუპიტერი 1226 წლიდან პირველად აღმოჩნდებიან ერთმანეთთან ასე ახლოს, ხოლო მოდის სამყაროში კი ყველა მარინ სერესა და ეისაფ როკის კოლაბორაციაზე საუბრობს.
ეისაფ როკი და მარინ სერე ერთმანეთს პირადად 2019 წელს შეხვდნენ, თუმცა მანამდე ერთმანეთის შემოქმედების თაყვანისმცემლები იყვნენ. ვოგთან ინტერვიუში ეისაფმა მარინზე ისაუბრა, “ძალიან მომწონს მარინის ნამუშევრები. ქუჩის სტილის და ლაქშერის შერწყმის იდეის უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ. ესთეტიკის თვალსაზრისით, არავინ მინახავს მისსავით თავისუფალი, განსაკუთრებით ეს ნახევარმთვარის მონოგრამას ეხება.”

ბრენდის 4 წლიან ისტორიაში, მარინ სერეს მხოლოდ ჯიმი ჩუსთან ჰქონდა კოლაბორაცია. ამაზე ეისაფმა შემდეგი კომენტარი გააკეთა, “სიმართლე გითხრათ, არ მეგონა რომ მარინი დაგვთანხმდებოდა კოლაბორაციაზე, ამიტომაც ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. მომწონს, ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებიც ამაზე ადვილად არ გთანხმდებიან.” შეგახსენებთ, რომ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია ამინა მუადისა და ეისაფ როკის კოლაბორაციის შესახებ. ამინა, ისევე როგორც მარინ სერე, კოლაბორაციების სიმრავლით არ გამოირჩევა.

მარინმა გულახდილად აღიარა, რომ სტატუსის მიუხედავად, ეისაფთან კოლაბორაციისკენ სიმპათიამ უბიძგა, “ამას არ გავაკეთებდი, ასე რომ არ ვუგებდეთ ერთმანეთს. ჩემთვის მთავარი გამოცდილების გაცვლაა”. კოლექციას განსაკუთრებულს ის ფაქტი ხდის, რომ მის შექმნაში ძველი სამოსია გამოყენებული, ისინი განახლებულია და, როგორც თავად დიზაინერებმა განაცხადეს, მათ საერთო აზრს წარმოადგენს გარემოს დაცვის საკითხებში. “თითოეული ნივთი უნიკალურია, არავის ექნება თქვენნაირი შარვალი ან ყელსაბამი.” ამბობს მარინ სერე ახალ კოლექციაზე.