მოდის ინდუსტრია სწრაფად იცვლება, თუმცა, არსებობს ტრენდები, რომლებიც დროს უძლებს. მაგალითად, ბრენდების თითქმის სრული უმრავლესობის ზაფხულის კოლექციებში ყოველთვის იგრძნობა ფერადოვნება – ესთეტიკა, რომელიც ამ სეზონისათვის დამახასიათებელ განწყობას ქმნის. ზაფხულისათვის ყველა განსაკუთრებულად ვემზადებით და ეს სამზადისი, ხშირად, სეზონის დადგომამდე ბევრად ადრე იწყება. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისთვისაც ზაფხული კომფორტულ, მარტივ, ჰაეროვან და ამავდროულად, ორიგინალურ სტილთან ასოცირდება, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ – ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ახალი ბრენდი გაჩნდა, რომელიც ბიუჯეტურ ფასად კონკრეტული კონცეფციით შექმნილ პროდუქციას გთავაზობთ. 

A La Plage – ასე ჰქვია სტარტაპს, რომლის კოლექციები საზაფხულო ჩანთებს, ქუდებს, პირბადეებს და სანდლებს აერთიანებს.

მოდელების ძირითადი ნაწილის დიზაინი ბენდენის საკულტო ტრენდად  ქცეული ვიზუალით არის შთაგონებული. ბრენდის დამფუძნებელი ნათია აქულაშვილია, რომელიც ამჟამად მოდის მენეჯმენტის მიმართულებით იღებს განათლებას. როგორც ნათია Fashionholics Online-თან საუბრისას აღნიშნავს,  A La Plage-ის შექმნის იდეა სპონტანურად გაჩნდა.

პანდემის პერიოდში, ქუჩის სტილში, განსაკუთრებით ხშირად მხვდებოდა ბენდენები, რაც დროსთან ერთად უფრო საინტერესო და სახასიათო მეჩვენებოდა. სწორედ ამ ტრენდის დაბრუნებულმა პოპულარობამ მიბიძგა, ჩანთის დიზაინი შემექმნა. ამას მოჰყვა რამდენიმე სხვადასხვა ვიზუალის მოდელი, დაახლოებით ორი თვის წინ კი,  უკვე ბრენდის შექმნა გადავწყვიტე და ასე გაჩნდა A La Plage”

ბრენდის სახელიც სწორედ საზაფხულო ენერგეტიკის მატარებელია და შესაბამის მინიშნებებს აკეთებს შემოთავაზებული სტილის მიმართულებაზე. თანამედროვე სამყაროში, როცა საქმე მოდის სფეროს ეხება, ვიზუალთან ერთად, მნიშვნელოვანია ბრენდის კონცეფციის შინაარსიც. ამ შემთხვევაში, უკვე ნახსენებ ბენდენას მრავალწლიანი საინტერესო ისტორია აქვს. მისი სახელწოდება (Bandana) ინდური წარმოშობის არის და შეკვრას, გადაბმას ნიშნავს. თავად ბენდენის დიზაინი კი, სათავეს მე-17 საუკუნის სამხრეთ აზიიდან და შუა აღმოსავლეთიდან იღებს. რაც შეეხება ოდნავ მოგვიანებით პერიოდს, ბენდენები გვხვდება ე.წ. Cowboy სტილშიც.

დროსთან ერთად, ბენდენა სხვადასხვა სუბკულტურამ და კონტრკულტურამაც შეითვისა. ამ დამახასიათებელი ვიზუალის ნაჭრის დეტალები 90-იანი წლების ამერიკულ კრიმინალურ დაჯგუფებებშიც დომინირებდა და გეტოების ერთგვარ ტრენდადაც იქცა. ქუჩის ტრენდები ყოველთვის გავლენას ახდენს მოდაზე, სწორედ ამიტომაც  2000-იან წლებში, ბენდენა იმდენად პოპულარული იყო, რომ მსოფლიო ვარსკვლავების სტილშიც ხშირად დომინირებდა. თანამედროვე ეპოქაში ბენდენის გავლენა არაერთხელ ვიხილეთ სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებებზე. პოდიუმს მიღმა, რეალურ ცხოვრებაში, ამ ტრენდთან ყველაზე მეტად მაინც ჰიპ ჰოპ კულტურაა დაკავშირებული. 

A La Plage არ არის ერთადერთი ბრენდი, რომელიც დიზაინის ძირითად ნიშად ბენდენას დამახასიათებელ ვიზუალს იყენებს. საერთაშორისო მასშტაბით, რამდენიმე მსგავს შემთხვევას აღმოვაჩენთ, თუმცა, ამ ქართული სტარტაპის მოდელები დამახასიათებელი შტრიხებით ავთენტურობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ახალი დაარსებულია, მის მიმართ ინტერესი უკვე გამოიკვეთა. როგორც A La Plageის დამფუძნებელი ამბობს, წარმოდგენილი პროდუქცია ძირითადად საერთაშორისო პლატფორმებიდან იყიდება. 

ფასი საკმაოდ ბიუჯეტურია, ხარისხს კი განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ, რადგან ესთეტიკურთან ერთად, მაქსიმალურად ფუნქციურიც იყოს” – აღნიშნავს ბრენდის დამფუძნებელი.

სამომავლოდ იგეგმება, რომ  A La Plage-ის პროდუქცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს. მანამდე კი, წარმოდგენილი კოლექციის დასათვალიერებლად შეგიძლიათ ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამს ესტუმროთ.