ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს მოდის სამყარო Met Gala-ს ელის. ვარსკვლავური ღონისძიება ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს. 2024 წლის Met Gala-ს დრესკოდია – The Garden of Time. უნდა ვივარაუდოთ, რომ წელს Met Gala-ს ხალიჩაზე ყვავილების და ბუნების პეიზაჟებით შთაგონებულ კოსტიუმებს ვიხილავთ, თუმცა სანამ წლევანდელ ლუქებს შევაფასებთ, თვალი გადავავლოთ 8 დასამახსოვრებელ ვარსკვლავურ მომენტს Met Gala-ს ისტორიიდან.
ლედი გაგას 4 ლუქი
2019 წლის Met Gala ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი გამოდგა, რაც საღამოს თემატიკამ განაპირობა – ქემფი მოდაში ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი, მრავალფეროვანი და სახალისო მიმართულებაა. ლედი გაგამ წითელ ხალიჩაზე ექსტრავაგანტულობა ახალ საფეხურზე აიყვანა და პირდაპირ კამერების წინ დიზაინერ ბრენდონ მაქსველთან ერთად წარმოდგენა დადგა.
ჯარედ ლეტო და მისი თავის ფიგურა, როგორც აქსესუარი
ჯარედ ლეტოსა და ალესანდრო მიკელეს თანამშრომლობა (კერძოდ, გუჩისთან) რამდენიმე წელი გაგრძელდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 2019 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ, როდესაც ჯარედი გუჩის კოსტიუმითა და საკუთარი თავის ჰიპერ-რეალისტური ფიგურით გამოჩნდა. ჰიპერ-რეალისტური თავის ფიგურები მანამდე გუჩის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის პოდიუმზე ვიხილეთ.
როცა 2 Chainz-მა კეშა უორდს ხელი სთხოვა
2018 წელს Met Gala: Heavenly Bodies წითელ ხალიჩაზე გულისამაჩუყებელი მომენტი ვიხილეთ: რეპერმა 2 Chainz დიდი ხნის პარტნიორს, კეშა უორდს ხელი სთხოვა. წყვილმა მოგვიანებით იმავე წელს, აგვისტოში იქორწინა.
ქეითი ფერის კოსტიუმი, რომლის ტრანსპორტირებასაც ღია მანქანა დასჭირდა
ამავე, 2018 წლის Met Gala-ს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტი ქეითი ფერის Versace-ს თემატური კოსტიუმი აღმოჩნდა, რომლის ტრანსპორტირებასაც ღია მანქანა დასჭირდა. ქეითის კოსტიუმში ასევე არ შეეძლო დაჯდომა და გადასაადგილებლად დახმარება სჭირდებოდა.
როცა ლედი გაგამ დონატელა ვერსაჩეს დაბადებისდღის სიურპრიზი მოუწყო
2016 წლის მაისის პირველი ორშაბათი 2 მაისს – დონატელა ვერსაჩეს დაბადების დღეს დაემთხვა. დიზაინერი, რა თქმა უნდა, Met Gala-ს ესწრებოდა, ხოლო მისმა ახლო მეგობარმა, ლედი გაგამ მას სიურპრიზი მოუწყო და ვერსაჩეს მედუზას გამოსახულებით დიდი ტორტი აჩუქა.
ლივ ტაილერი და სტელა მაკკარტნი DIY მაისურებში
90-იანი წლების მიწურულს, როდესაც მოდაში გრანჟი, დაბალწელიანი შარვლები და crop-top-ები დომინირებდა, დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ და ლივ ტაილერმა ეპოქის “ანარეკლი” Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე გადაიტანეს და, როდესაც სხვა სტუმრები გრანდიოზული კაბებით იწონებდნენ თავს, სტელას და ლივს თხელი მაისურები წარწერით “Rock Royalty” ეცვათ.
როცა რიანამ სტუმრების წინ მაგიდაზე იმღერა
2015 წლის Met Gala-ზე რიანას გამოჩენა გალას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია – Guo Pei-ს გიგანტური ყვითელი მოსასხამი თავისთავად შედევრია, ისევე, როგორც მიმების უსასრულო წყარო. თუმცა, მოგვიანებით ამავე საღამოს რიანას კიდევ ერთი IT მომენტი ჰქონდა, როდესაც ცნობილი სტუმრების წინაშე მან “Bitch Better Have My Money” მაგიდაზე შეასრულა.
ტეილორ სვიფტისა და ტომ ჰიდლსტონის ურთიერთობის დასაწყისი
მაშინ, როდესაც ტეილორ სვიფტისა და კევინ ჰარისის ურთიერთობა ახალი დასრულებული იყო, 2016 წლის Met Gala-ზე მეგა პოპ-ვარსკვლავი ბრიტანელ მსახიობს, ტომ ჰიდლსტონს პირველად შეხვდა. წყვილის ამ საღამოს გადაღებულმა ცეკვის ვიდეომ ასობით მიმის გარდა, საზაფხულო რომანის ისტორია შექმნა.