ფერადი და თავისუფალი სამოცდაათიანი წლები დისკო კულტურისა და გლამურის ზეიმია. ამ ბრწყინვალე ათწლეულში ამაღლებულ განწყობას ხშირად მოდის საშუალებით გამოხატავდნენ ადამიანები, რომელთა ჩაცმულობაც ერთგვარ განაცხადს წარმოადგენდა. მათ შორის იყო შერი თავისი გამორჩეული სტილით, რომელიც, იმ პერიოდის სხვა მნიშვნელოვან და საუცხოოდ ჩაცმულ ქალებთან ერთად, 2022 წლის რეზორტ სეზონისთვის David Koma-ს მთავარი შთაგონების წყარო გახდა.

მუსიკოსის სტილს კოლექციაში მიკრო-მინი კაბებსა და ჩანთებზე წარმოდგენილი გრძელი კრისტალური ფოჩები, V-ს ფორმის ჭრები, სამოსის გამჭირვალე დეტალები და მეტალის ეფექტის მქონე ბზინავი ელემენტებით გაფორმებული კაბები ეხმიანება.

ქართველი დიზაინერი თავის მომხმარებელს ახალ სეზონზეც სთავაზობს ქუჩის სტილის მიმდინარე ტენდენციების გამოყენებით შექმნილ ტანსაცმელს, რა თქმა უნდა, თავის ხელწერად ქცეულ საღამოს კაბებთან ერთად.

კოლექციაში მთავარი ვიზუალური მოტივი კრისტალური 3D ჟასმინის ყვავილის ფორმაა, რომელიც გვხვდება როგორც სამოსზე, ისე აქსესუარებზე. ნათელი ფერები კი ზაფხულთან დაკავშირებული დაუვიწყარი მოგონებების გამოძახილია.

დისკო ერის განწყობის კიდევ უფრო მკაფიოდ გადმოსაცემად, დევიდ კომამ ფლეილისტიც შეადგინა, რომელიც სამოცდაათიანი წლების შემსრულებლების სიმღერებით არის დაკომპლექტებული. 70-იანების სულისკვეთებით გაჟღენთილ ფლეილისტს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ

მსოფლიოში კვლავ გაჩნდა დადებითი განწყობა და მომავლის წრმენა, კომას ახალი კოლექცია კი სწორედ ამ საზეიმო განცდას ავლენს. ის უფრო თამამი და გაბედულია, ამიტომ Resort 2022 სეზონზე კომას გოგო მეტად თავდაჯერებული და ახალი გამოწვევებისთვის მზადყოფნაშია.

David Koma Resort 2022