1960-იანები, ათწლეული, როდესაც პოპ-კულტურებმა, მუსიკამ და თავისუფლების უდიდესმა წყურვილმა შექმნა სტილი, რომელმაც განაპირობა მოდის განვითარება სულ სხვა მიმართულებით.
ჰიპები, ვუდსტოკი, British Invasion, “ახალი ჰოლივუდი”… ბოლომდე ჩამოთვლას ვერც შევძლებთ ყველა ფაქტორისა, რომელმაც გავლენა იქონია მოდაზე. სამოციანებში დაიწყო ფერების ნამდვილი დღესასწაული, რომელიც მოგვიანებით 80-იანებში ფერების ქაოსში ან მაშინდელ color blocking-ში გადაიზარდა. 60-იანების მთავარი “ხელწერა” არის კაბა Mondrian Shift Dress, რომელიც ივ სან ლორანმა გამოიგონა და სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კაბა გახდა. კაბის მოყვანილობა კი 20-იანების სტილისგანაა ნასესხები.

რეალურად ძალიან ძნელია ათწლეულის, როგორც ერთი მთლიანის განხილვა, რადგან 1965 წლამდე ქალები ბევრად უფრო შებოჭილნი იყვნენ, ვიდრე დეკადის მეორე ნახეარში, ჩაცმის თვალსაზრისით.
და მაინც, 60-იანების მოდაში ძალიან დიდი აღმოჩენები და ინოვაციები იყო. ემილიო პუჩიმ შექმნა psychedelic პრინტი, პაკო რაბანმა შექმნა მეტალის კაბა,მერი ქუანთმა კი პირველად შექმნა ქვედა ბოლო, რომელსაც უწოდა mini skirt…

1) Emilio Pucci’s psychedelic print dress.
2) Paco Rabanne’s metal dress.
3) Yves Saint Laurent’s Mondrian Shift Dress.


მოდაში შემოვიდა მაღალი წინდები და ბოტფორდები დაბალწელიანი ქვედები.
ათწლეულის პირველ ნახევარში მოდაში იყო ე.წ. “ბუტილკა შარვლები, ხოლო მეორე ნახევარში “შლაქსები” (რამაც მეტწილად განაპირობა 70-იანების სტილი). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოდაში შემოვიდა სიგამხდრე. ქალები, რომლებიც ძალიან გამხდრები იყვნენ აწ უკვე ლამაზებად მიიჩნეოდნენ და მათ შეეძლოთ ძალიან მოკლე კაბებში გამხდარი ფეხები გამოეჩინათ, ხოლო პატარა მკერდი მონდრიანის კაბის სილუეტის მეშვეობით დაეფარათ.


იმის გამო, რომ 60-იანები ორად იყოფა, პირველი ნაწილი ძალიან გავს 50-იანებს, ხოლო მეორე – 70-იანებს, გარჩევას თმით მაინც შეძლებთ – სამოციანებში “ნაჩოსებიანი” ვარცხნილობების ბუმი იყო.

1) ადრეული 60-იანები
2) შუა 60-იანები
3) მიწურული 60-იანები

60-იანებში კულტურაზე არანაკლები სისწრაფით ვითარდებოდა მეცნიერებაც. ამ დროს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი პირველად იქნა გაშვებული კოსმოსში. მოგვიანებით ადამიანი პირველად გაფრინდა კოსმოსში, რაც 1969 წლის 20 ივლისს ადამიანების მთვარეზე პირველი გადასვლით დაგვირგვინდა.

კოსმოსურ ეპოქას მოდაში შეღწევის გარეშე არ ჩაუვლია. 60-იანებში გამოჩნდნენ დიზაინერები, რომლებსაც “SPACE AGE” დიზაინერებად ვიცნობთ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ ანდრეი ქუღეჟი. მან 60-იანების სილუეტები და გეომეტრიული ფორმები გააერთიანა, ის იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც პლასტმასი გამოიყენა.

WWD მის შესახებ წერდა: „მისმა 1964 წლის კოლექციამ რადიკალურად განსაზღვრა იმ დროის მოდა ფუტურისტული ლუქებით – განსხავებული ჭრები, მოკლე, A-ს სილუეტის კაბები, ნაქსოვი სვიტრები, მოტკეცილი შარვლები, სათვალეები და ასტრონავტის ჩაფხუტები“.

ქუღეჟი, სანამ თავის ბრენდს დააარსებდა, ბალენსიაგას მოდის სახლის წევრი იყო 10 წლის განმავლობაში. თავის მხრივ, კრისტობალ ბალენსიაგა 60-იანების ყველაზე დიდი კუტიურიე გახლდათ, ამ სიტყვის ყველაზე წმინდა გაგებით.

დიორის „ახალი ლუქის“ რევოლუციის შემდეგ, რომელზეც 50-იანი წლების სტილის მიმოხილვისას ვწერდით, კრისტობალი იყო პირველი დიზაინერი,რომელმაც საპირისპირო სილუეტი აირჩია და მოდის ინდუსტრიაში დიდი ფორმები დანერგა. ბალენსიაგა პირველი კუტიურიე იყო, რომელმაც მაღალ მოდაში ფორმები სარწმუნო გახადა. წელში გამოყვანილი ჟაკეტის მაგივრად, რომელიც მხოლოდ ვიწრო და სრულყოფილი წელის მქონე ქალბატონებს ერგებოდა, კრისტობალმა ქალებს განიერი ფორმები შესთავაზა. ის იწონებდა და აცმევდა ქალებს, რომლებსაც მუცელი ეტყობოდათ და არ იყვნენ ისეთი სრულყოფილები, როგორებიც დიორის და შანელის იმდროინდელი მუზები.

Tags :