მაშინ, როდესაც სელებრითების კულტურას საფუძველი ეყრებოდა, სუპერმოდელების ერა იწყებოდა და დიზაინერები ვარსკვლავები ხდებოდნენ, მარტინ მარჯიელა ჩრდილში შევიდა, მისი პიროვნება უხილავი გახდა და მხოლოდ თავისი შემოქმედებით განაგრძო საუბარი. მოდაში არავის დანახვას და მოსმენას ისე არ ელიან, როგორც მარტინისას.
ეს ის გენიალური დიზაინერია, რომელსაც მხოლოდ მისი ახლობელი ადამიანები ხედავენ და რომლის აზრსაც მხოლოდ ისინი ისმენენ. მისი სახელი ყველამ იცის, მაგრამ თითქმის ვერავინ ცნობს, რადგან მან ასე გადაწყვიტა. ამბობენ, რომ თავის ჩვენებებზე აუდიტორიას შორის თავადაც იჯდა, მაგრამ სხვები ვერ ამჩნდევდნენ. რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? რატომ გახდა ასეთი ანონიმური, მაშინ როდესაც სხვები ცდილობდნენ ყველა გზა გამოენახათ იმისთვის, რათა თავიანთი ცნობადობა გაეზარდათ? ან საერთოდ ვინ არის მარტინ მარჯიელა, რა მოსწონს, რა აინტერესებს, როგორი შეხედულებები აქვს? აქამდე მასზე მხოლოდ სხვები გვიყვებოდნენ, ახლა თავადაც გვიამბობს საკუთარ თავზე.
ყველაზე იდუმალი დიზაინერის თითოეული სიტყვა განსაკუთრებით ფასეულია, სწორედ ამიტომ იმ მომენტიდან, როდესაც გასულ წელს მარტინთან დაკავშირებით გავრცელდა სიახლე, რომ დოკუმენტური ფილმი გამოდიოდა, რომელშიც თავად გამოჩნდებოდა და ისაუბრებდა, დიდი მოლოდინი და ინტრიგა დაიბადა.
ამ დრომდე ვიცოდით, რომ ფილმს „კომპრომისის გარეშე“ უნდა რქმოდა და მასში მარტინსაც ვნახავდით. მაგრამ დამატებითი დეტალები ამ დრომდე აღარ გავრცელებულა. ახლა ცნობილი გახდა, რომ ფილმთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილები შეიტანეს, ერთ-ერთი ცვლილება კი სახელსაც შეეხო. „მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით“ ასე ერქმევა ფილმს, რომლის რეჟისორიც რეინერ ჰოლზემერია. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის გამოჩნდება ის ეკრანებზე, თუმცა უკვე შეიქმნა ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი, რომელზეც იწერება, რომ დამატებითი დეტალები მალე გახდება ცნობილი.