22 იანვარს, პარიზის Théâtre du Châtelet – ში, ჟან პოლ გოტიე პოდიუმიდან მასშტაბური წარმოდგენით წავიდა. ლეგენდარული ფრანგი დიზაინერის გასაცილებლად თეატრში 500-ზე მეტი სტუმარი შეიკრიბა, მათ შორის ხელოვნების თითქმის ყველა სფეროს გავლენიანი არტისტები. ჩვენებაში გოტიეს მოდური მემკვიდრეობის ამსახველი 50 ახალი და 150 ძველი ლუქი ვიხილეთ. შოუ საათზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ეს არ ყოფილა ცრემლიანი და სევდიანი განშორება, რადგან ფრანგი იმ დიზაინერებს რიგებს არასდროს მიეკუთვნებოდა, რომლებმაც არ იციან როგორ მიიღონ სიამოვნება ყველაზე გამორჩეული მომენტებისგან.
მოდაში ჟან პოლ გოტიეს 50 წელი იყო ზეიმი, ხშირად საკამათო, თუმცა არასდროს მოსაწყენი. ის სადღესასწაულო განწყობის, იუმორის, ხალისის, გართობის მეფეა, რომელსაც არასდროს უცდია გამოჩენილიყო ზედმეტად სერიოზული, მიუხედავად მისი მაღალი სტატუსისა, განსაკუთრებით მშობლიურ საფრანგეთში.
მოდა ყოველთვის იყო თანამედროვე მსოფლიოს სარკე, თუმცა მისი მაგიურობა ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭებაში, ყოველდღიური რეალობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობაში ვლინდებოდა. გასულ ათწლეულში, დიზაინერები ზედმეტად, მოსაწყენად, ხელოვნურად სერიოზულები გახდნენ. მათ საკუთარი საქმისგან სიამოვნების მიღება შეწყვიტეს და მაისურებზე პოლიტიკური ფრაზების წერა დაიწყეს. ჟან პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებამ კიდევ უფრო ნათლად დამანახა რა აკლიათ დღევანდელ დიზაინერებს ყველაზე მეტად. რთულ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ პირობებში მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ზოგჯერ საჭიროა , თუნდაც მხოლოდ ერთი საათით, დაივიწყონ დონალდ ტრამპი, ბრექსითი და უბრალოდ გაერთონ.
ჩვენებიდან ფოტოები იხილეთ ვოგის საიტზე – Vogue.com/Gaultier 2020