2022 წელი მოდაში საკმაოდ დატვირთული გამოდგა. პანდემიის შემდგომ გამოცოცხლებული ინდუსტრია ფიზიკურ ჩვენებებს სრულად დაუბრუნდა. ვიხილეთ დიდი ცვლილებები მოდის სახლებში, მაგალითად, ალესანდრო მიკელეს გუჩიდან წასვლა. იყო გახმაურებული სკანდალებიც, მაგალითად ბალენსიაგას საბავშვო კამპანიის ფიასკო. იყო მოულოდნელი სიახლეებიც, მაგალითად რაფ სიმონსის ბრენდის დახურვა. თუმცა, 2023 წელი დიდი ალბათობით, არანაკლებ საინტერესო იქნება. ერთი რამ, რისი ხილვაც ნამდვილად სასურველია, ახალი თაობის დიზაინერების წარმატებაა.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 ახალგაზრდა ბრენდს, რომლებსაც 2023 წელი ჩვენი მოლოდინით, დიდ წარმატებას მოუტანს:

Ashlyn

ჩრდილოეთ კორეელი დიზაინერი ეშლინ პარკი დეტალებსა და სილუეტებზეა ორიენტირებული. მას ნამუშევარი აქვს ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან იოჯი იამამოტო და რაფ სიმონსი (კელვინ კლაინში). ის ასევე LVMH Prize-ის 2022 წლის ფინალისტია.

Bodice

Bodice სამოსის ინდური ბრენდია, რომელიც არქიტექტურული სილუეტებისა და გამორჩეული ტექსტილის გამოყენებით ქალებს ინოვაციურ დიზაინს სთავაზობს. ბრენდი რუჩიკა საჩდევამ დააარსა და შემოქმედებითი დირექტორი სწორედ ის არის.

Nadine Mos

ქუვეითში დაბადებული, დუბაიში გაზრდილი დიზაინერი, ნადინ მოსალამი მდგრადი მოდის წარმომადგენელია. ის დელიკატურ, სენსუალურ და ქალურ სამოსს მეორადი ტანსაცმლისგან და გამოუყენებელი ნაჭრებისგან ქმნის.

Ryunosuke Okazaki

რიუნოსუკე ოკაზაკი იაპონური კონცეპტუალური მოდის სკოლის ახალი თაობის ღირსეული წარმომადგენელია. ფილმებით, მითოლოგიითა და ფუტურიზმით შთაგონებული ოკაზაკი შესრულების გამორჩეული ტექნიკით და მასალებითაც გამოირჩევა.

Róisín Pierce

ირლანდიელი დიზაინერის როიზინ პირსის ფილოსოფია ტრადიციული ხელნაკეთი სამოსისა და თანამედროვე ტექნიკის შერწყმაა. როიზინის შთაგონება მისი ირლანდიური ფესვები და კულტურაა, სწორედ ამიტომ მისი სამოსი მისტიკური და რომანტიკულია.