დემნა და „ბელგიური სკოლა“

დემნა მიეკუთვნება ე.წ. „ბელგიური სკოლის“ დიზაინერებს.

გვასალია მოდის დიზაინს სწავლობდა ბელგიაში, Royal Academy of Fine Arts-ში.

დემნას პროფესორი და მოდაში პირველი დამსაქმებელი გახლავთ ცნობილი ბელგიელი დიზაინერი, ანტვერპენის ექვსეულის წევრი, უოლტერ ვან ბეირენდოქი.

სტუდენტობისას, დემნა ასისტენტად მუშაობდა არანაკლებ ცნობილ ბელგიელ დიზაინერებთან, რაფ სიმონსთან და დრის ვან ნოტენთან.

2008 წელს, დემნამ პირველი სამუშაო მიიღო პარიზში, ლეგენდარული ბელგიელი დიზაინერის, მარტინ მარჯიელას მოდის სახლში.

ნაკლებად გახმაურებული მიღწევები და ჯილდოები

2001 წელს, კავკასიის მოდის ფესტივალზე, რომელიც თბილისში იმართებოდა, გვასალიამ მეორე ადგილი დაიკავა.

2003 წელს, იტალიაში, International Talent Support-ზე, დემნამ პირველი ადგილი დაიკავა.

2004 წელს – ქრისტიან მათის პრიზი მამაკაცის საუკეთესო კოლექციისთვის, ბელგიაში.

2004 წელს – ისევ ბელგიაში, Scabal-ის დიზაინ კონკურსის პირველი ადგილი.

2006 წელს – Royal Academy of Fine Artsის 120 კურსდამთავრებულში საუკეთესოდ დემნა დაასახელეს.

ლუი ვიტონი & მარჯიელა

2008 – 2012 წლებში, დემნა მარჯიელას მოდის სახლის უფროსი დიზაინერი იყო, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის ხაზში.

მარჯიელას და H&M-ის კოლაბორაციაზე მუშაობისას, გვასალიამ გაიცნო გერმანელი დიზაინერი, მარტინა ტიფენტალერი, რომელიც 11 წელია დემნას მარჯვენა ხელია.

მარჯიელაში მიღებულ გამოცდილებას, დემნა, დიზაინში, თავის „სამაგისტრო წლებს“ უწოდებს.

გვასალიამ ლუი ვიტონში 4 სეზონის, შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში იმუშავა.

ლუი ვიტონში დემნას შემოქმედებითი დირექტორები იყვნენ: ნიკოლა ჟესქიერი და მარკ ჯეიკობსი.

ვეტმანი

თავდაპირველად, დემნა ბრენდ Vetements -ის შექმნას არა პარიზში, არამედ ბერლინში გეგმავდა.

დემნამ Vetements სრულად თავისი ფინანსებით შექმნა, ინვესტორების გარეშე.

Vetements-ის შექმნამდე, დემნას დიზაინში 4 წლიანი განათლება და სხვადასხვა მოდის სახლებში, 8 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა.

Vetements-ის პირველ სეზონზე, ბრენდის განვითარებისთვის, დემნამ მოდის უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის დაფინანსების კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

გვასალიამ Vetements-ის ჩვენებები უჩვეულო ადგილებში მოაწყო, რამაც მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. შერჩეულ ლოკაციებს შორის იყო: ჩინური რესტორანი, ეკლესია, გეი-სექს კლუბი.

ბალენსიაგა

დემნას ხელმძღვანელობით, ბალენსიაგამ, 100 წლიან ისტორიაში, პირველად მოაწყო მამაკაცის სამოსის დამოუკიდებელი ჩვენება.

დემნას ბალენსიაგას 2021 წლის წინა-საგაზაფხული კოლექციის ციფრულ პრეზენტაციას, მხოლოდ ტვიტერზე, 12 მილიონმა ადამიანმა უყურა.

2015 წელს, როდესაც დემნა გვასალია ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა, ბრენდის წლიური ბრუნვა 350 მილიონი ევრო იყო. 2019 წელს – 1.2 მილიარდამდე გაიზარდა.

2021 წლის ივლისში, დემნა თავის პირველ ოტ კუტიურ კოლექციას წარმოადგენს, რომელიც აგრეთვე იქნება, გასულ 68 წელში, ბალენსიაგას პირველი Haute Couture შოუ.

მიუხედავად იმისა, რომ გვასალიას ბალენსიაგას კოლექციები მსოფლიოში თითქის ყველა ცნობილ სახეს აცვია, ამერიკელი რეპერი ქარდი ბი პირველი სელებრითია, რომელთანაც დემნამ კონტრაქტი გააფორმა.

გახმაურებული ჯილდოები და მიღწევები

2016 წელს, დემნა ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელეს. ნომინანტებში იყვნენ : გუჩის, ვერსაჩეს, დიორის და სხვა ცნობილი მოდის სახლების კრეატიული დირექტორები.

2016 წელს, ვეტმანიც დასახელდა წლის საუკეთესო ურბანულ ბრენდად, ნომინანტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა: Supreme & Off-white.

2017 წელს, დემნა ნიუ-იორკში, ამერიკის მოდის საბჭომაც დაასახელა წლის საერთაშორისო დიზაინერად.

2018 წელს, ისევ ბრიტანეთში, დემნა აქსესუარების წლის საუკეთესო დიზაინერად დაასახელეს, ნომინანტებში იყვნენ: მიუჩია პრადა, ალესანდრო მიკელე, მარია გრაცია ქიური და ჯონათან ანდერსონი.

2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ, საფრანგეთში, დიორის და სან ლორანის დიზაინერების შემდეგ, დემნა მესამე ყველაზე ხშირად მოხსენიებული დიზაინერი იყო, სოციალურ ქსელებში.

დემნა და ანონიმურობა

დემნა არ იყენებს სოციალურ ქსელებს საჯარო პოსტებისთვის.

დემნა არასდროს თანხმდება სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობას.

გვასალიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია ვეტმანის, ან თავისი შემოსავლების შესახებ.

დემნა არასდროს ჩნდება კოლექციების ჩვენებების ფინალში.

დემნა თითქმის არასდროს ესწრება წვეულებებს, ღონისძიებებს, ჩვენებებს, სადაც ბევრი კამერა და ხალხია.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

დემნა ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე პრესასთან ძალიან იშვიათად საუბრობს.

დემნას ოჯახის წევრები, მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი გვასალიას საქმიანობაში.

ამჟამად გვასალია ცხოვრობს შვეიცარიაში.

2017 წლიდან დემნა დაქორწინებულია ახალგაზრდა ფრანგ მუსიკოსზე ლოიკ გომეზზე.

გვასალია ფრანგ მუსიკოსს პირველად ლონდონში შეხვდა.