Page Six Style ექსკლუზიურ სიახლეს ავრცელებს იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი სუპერმოდელი, ჟიზელ ბუნდჩენი სამოდელო სააგენტო IMG -ის ტოვებს. ჟიზელმა IMG -ის წარმომადგენლობით 22 წლის განმავლობაში იმუშავა. ჯერ-ჯერობით მხარეებს ოფიციალური კომენტარები არ გაუვრცელებიათ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ 40 წლის სუპერმოდელის აგენტის მოვალეობას პატრიცია ბუნდჩენი შეასრულებს. პატრიცია ჟიზელის ტყუპისცალი და ამავდროულად მენეჯერია. 2021 წლიდან პატი ბუნდჩენი თავისი დის მთავარი აგენტიც გახდება.

IMG -ში ცვლილებები მხოლოდ ჟიზელის გადაწყვეტილებით არ სრულდება. სააგენტომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ორ ახალგაზრდა ვარსკვლავს, ელა ემჰოფს და ამანდა გორმანს კონტრაქტი გაუფორმა. ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ქალიშვილი, ნატალია ბრაიანტიც IMG -ის შეუერთდა.

IMG ცნობილია, როგორც წამყვანი სამოდელო სააგენტო, რომელიც ყველაზე აღიარებული სუპერმოდელების კარიერაზე ზრუნავს, თუმცა ეს სააგენტო არ თანამშრომლობს მხოლოდ მოდელებთან, მათ სახეებს შორის არიან არტისტები, ათლეტები, აქტივისტები, ცნობილი სახეები, რომლებსაც მოდის ინდუსტრიაში ხშირად ვხედავთ ჟურნალების ყდებზე, სარეკლამო კამპანიებსა, თუ ჩვენებების წინა რიგებში.